საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ხალხი ძლიერია, რომლებიც ყველაფრისთვის ბრძოლას მიჩვეულები არიან.
სანიოლმა ხაზი გაუსვა გუნდში სწორი მენტალიტეტის ქონას და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ძლიერ მეტოქესთანაც კარგად თამაში შეიძლება.
„ბოსნიისგან სიურპრიზები არ ყოფილა. მათ იგივე სისტემით ითამაშეს, როგორც ბოლო მატჩები. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი თამაში იყო, ორივე გუნდის მხრიდან. შედეგი ისეთია, როგორიც არის, მაგრამ შეიძლებოდა 1:1 ან 2:2 ყოფილიყო. ამხანაგური მატჩებია, დღეს ახალი სისტემა გამოვცადეთ და კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ბიჭებმა არაჩვეულებრივი ხასიათი გამოავლინეს.
დიახ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ერთი გოლი, რომელიც ბოსნიას არ ჩაუთვალეს, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ პენალტი არ დაგვინიშნეს. თუმცა, ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება და ამას უნდა შევეგუოთ. ეს ამხანაგური მატჩია, რაც ემსახურება უკეთ მომზადებას. შედეგი არ არის მთავარი, მთავარია ბურთით რას გააკეთებ. ჩვენთვის მთავარი ერთა ლიგისთვის მომზადება იყო, მაგრამ გამარჯვებით ბედნიერები ვართ.
ჩემი გუნდის ძლიერი მენტალიტეტი არ არის მწვრთნელის ან სტაფის დამსახურება, ეს ფეხბურთელებს თავისთავად აქვთ. საქართველო ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ხალხია, რომელიც მიჩვეულია ყველაფრისთვის ბრძოლას და ეს ალბათ ფეხბურთელების თამაშშიც იგრძნობა. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებშიც, მაგალითად შვედეთთან და ესპანეთთან. ვაჩვენეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი. შეიძლება მეტოქე შენზე ძლიერი იყოს, მაგრამ სწორი მენტალიტეტით კარგი რაღაცების გაკეთება შეიძლება. ეს ზედიზედ მეოთხე მატჩია, რომელიც მოვიგეთ, რაც შესანიშნავია და იმედი მაქვს, სერია ჯერ ალბანეთთან და შემდეგ ერთა ლიგაზე გაგრძელდება“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, ბოლო სამ მატჩში კი გოლი არ გაუშვია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.