ტირასპოლის „შერიფის“ მთავარი მწვრთნელი იური ვერნიდუბი ზაპოროჟიეში ბრიგადაში ჩაეწერა და უკრაინას იცავს. 56 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ ეშინია და „შერიფის“ გენერალური დირექტორი ვაჟა თარხნიშვილი მის გადაწყვეტილებას ყველაზე უკეთ გაიგებს, რადგან საქართველომაც გამოიარა რუსეთთან ომი.
„ჯერჯერობით საარტილერიო ბრიგადები იქმნება, არ ვიცი როდის წავალთ ან სად, მაგრამ რიგში ვარ და მზად ვარ უკრაინის დასაცავად. კლუბში ამის შესახებ ჯერ არ იციან, დღეს ვეტყვი. მანამდე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყნიდან გასვლის უფლება მამაკაცებს არ აქვთ, რადგან საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ადრე თუ გვიან, „შერიფის“ ხელმძღვანელობა გაიგებს, რომ სამშობლოს დასაცავად წავედი. დღეს ვგეგმავ გენერალურ დირექტორ თარხნიშვილთან არსებულ ვითარებაზე ლაპარაკს. ვფიქრობ, ვაჟა გამიგებს, რადგან იგივე განვლო, რაც უკრაინაში ხდება. ის ქართველია, 2008 წელს რუსეთმა ომი მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო, ამიტომაც, ჩემი ყველაზე უკეთ ესმის.
„შერიფმა“ შემომთავაზა ჩემი ოჯახი მოლდოვაში გადამეყვანა, მაგრამ როცა ზაპოროჟიეში ჩამოვედი და ვნახე რამდენი ადამიანი ტოვებდა ჩვენს ქვეყანას ამ რთულ დროს, ეს კატასტროფაა. ამიტომ, გადავწყვიტე ისე არ მოვქცეულიყავი, როგორც ისინი მოიქცნენ, არ შემეშინდა, მთელი ჩემი ოჯახი ზაპოროჟიეშია. 56 წლის ვარ, ვისი უნდა მეშინოდეს, პირიქით, ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრე, უბრალოდ ჩემი შვილების, შვილიშვილების, მეუღლისა და ნათესავების გამო მეშინია.
პუტინს ეს სურდა, მაგრამ ის ვერასოდეს გახდება მთელი მსოფლიოს იმპერატორი. ადოლფ ჰიტლერის ასლია. რუსული პროპაგანდისტული მედია არის გებელსი, ყველა მისი ხელოსანი ჟურნალისტი, მაგრამ გებელსი თავის საფლავში ტრიალებს! ისიც კი ვერ ახერხებდა იმას, რასაც რუსული ტელევიზია აჩვენებს. უბრალოდ სიტყვები არ მაქვს, პუტინი არის მხეცი, ვამპირი!“, - თქვა ვერნიდუბმა.
შეგახსენებთ, იური ვერნიდუბი ტირასპოლის „შერიფს“ 2020 წლიდან ავარჯიშებდა, ის მანამდე ლუგანსკის „ზორიაში“, სოლიგარსკის „შახტიორსა“ და ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ მუშაობდა.