ფეხბურთი

21:32 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "გუნდში კარგი განწყობაა და დაძაბულობა არ იგრძნობა"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ბოსნიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი მწვრთნელის განცხადებით, მეტოქე ძლიერია, მაგრამ საქართველოს ნაკრები ყველაფრისთვის მზადაა და გუნდში ფსიქოლოგიური მდგომარეობაც კარგია.

„ბოსნია ძალიან ძალისმიერი, ტექნიკურად გამართული გუნდია და ხშირად იყენებს მე-5 მოთამაშის უპირატესობას. რეიტინგში ჩვენზე წინ არიან, შესარჩევ ეტაპზე ისეთ ძლიერ გუნდებს აჯობა, როგორებიც სერბეთი და რუმინეთი არიან, ასე რომ, საქმე ძალიან ძლიერი მეტოქესთან გვაქვს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე როცა თამაშობ, სუსტ მეტოქეს არც უნდა ელოდო. ვერ გეტყვით, ბოსნია რა სიურპრიზებს გვიმზადებს, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ტაქტიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. მოედანზე ბრძოლისუნარიანობას დიდი მნიშვნელობა ექნება. რთული იქნება, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ფსიქოლოგიურად გუნდში კარგი განწყობაა, დაძაბულობა არა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა იგრძნობა. უკან დასახევი გზა არ გვაქვს, რადგან აქამდე მოვედით, ეს უკვე დიდი შედეგია და ამიტომ, გუნდში ზედმეტი წნეხი არ იგრძნობა“, - განაცხადა ასათიანმა.

პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად კაპიტანი ზვიად კუპატაძე იყო, რომელმაც მეტოქის შესახებ ისაუბრა:

„ბოსნია და აზერბაიჯანი განსხვავებული გუნდები არიან, სხვადასხვა მონახაზით თამაშობენ. ბოსნიას ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და სხვა თამაში გველის. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას და როცა ამას ფუტსალში აკეთებ, ძალიან დიდ უპირატესობას იღებ, ვიცით, 5-4-ზე როგორ ვეთამაშოთ და მიმაჩნია, რომ შანსი 50-50%-ზეა. ყველაფერი ხვალ მოედანზე გამოჩნდება. 1-2 ტექნიკური მოთამაშე ჰყავს, მაგრამ უფრო ძალისმიერი გუნდია, თუმცა განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები. მთავარია, მწვრთნელის მონახაზი შევასრულოთ და ვიმედოვნებ, კარგად ვითამაშებთ“, - თქვა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში აზერბაიჯანს 3:2 მოუგო, ხოლო ბოსნიასთან მატჩი 26 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.116346