კალათბურთი

0:26 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი “მეგაა”

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე დღეს მეორე ტურის თამაშები გაიმართა და პირველი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. საკალათბურთო კლუბმა “მეგამ” სამგუნდიან ჯგუფში მეორე მატჩიც მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამ ჯგუფის დარჩენილი 1 შეხვედრა მხოლოდ2-3 ადგილების მფლობელებს გააკრვევს, ხოლო პირველადგილოსნის ვინაობა გადაწყვეტილია.

B ჯგუფი კაკტუსი –მეგა 58:66 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

სუპერლიგის დებიუტანტი “მეგა”, რომელმაც პირველ ტურში მართალია განახევრებული, თუმცა მაინც მძლავრი თსუ დაამარცხა, დღეს “კაკტუსსაც” სძლია და მემორიალის მონაწილე 12 გუნდიდან პირველია, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

“მეგა” რაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ჩაიბარა, ზედიზედ 34 მატჩია იგებს. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო 2 შეხვედრა გუნდმა დეკემბერში მოიგო, გუშინ და დღეს კი ქორქია-საკანდელიძის მემორიალზეც იმარჯვა და ნახევარფინალშია. “მეგას” 4 გამრჯე ლეგიონერი ჰყავს, რომლებსაც თუ ქართველებიც კარგად აუწყობენ ფეხს, გუნდი ძალიან წარმატებულად ასპარეზობს. პირველი პერიოდი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 18 ქულით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ 2 ახალი ლეგიონერით მოთამაშე “კაკტუსმა” ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც “მეგას” დარჩა.

გამარჯვებულებს 17 ქულითა და 5 პასით ტაილერ კორბინმა ულიდერა. 14 ქულა და 9 მოხსნა დემონტე ფლანინგანმა, ხოლო 12 ქულა ოთარ ბულიავამ მიითვალა. “კაკტუსში” 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან ფორბსი, 11 ქულა ახალწვეულმა დერიკ ნიუტონმა მიითვალა.

ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში თსუ “კაკტუსს” შეხვდება, თუმცა ამ მატჩის შედეგი ჯგუფში მხოლოდ 2-3 ადგილებს გაანაწილებს.

A ჯგუფი ცხუმ-აფხაზეთი – ქუთაისი 79:96 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

მემორიალის ფინალი მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში 25 იანვარს გაიმართება. ცხადია, ქუთაისელებს სურთ საკუთარ ქალაქში ფინალში ასპარეზობა და ტიტულის შენარჩუნება. შარშანდელ გათამაშების სატიტულო მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა “ვერას” დამაჯერებლად სძლია.

მიზნამდე ქუთაისელებმა დღეს სოლიდური ნაბიჯი გადადგეს. იმერულმა კლუბმა “ცხუმ-აფხაზეთი” 17 ქულით დაამარცხა და ფაქტობრივად პირველობა გაინაღდა. ცხუმელებმა პირველ ტურში “ტიტებს” მოუგეს და ახლა ჯგუფში ისეთი ვითარებაა შექმნილი რომ ბოლო ტურში “ქუთაისმა” “ტიტებთან” 12 ქულითაც რომ წააგოს, პირველ ადგილზე და შესაბამისად, ნახევარფინალში გავა.

დღევანდელ მატჩში ცხუმ-აფხაზეთი კარგა ხანს უძალიანდებოდა იმერულ კლუბს, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც გატყდა – 20 ქულით ჩამორჩა და საბოლოოდ უშანსოდ წააგო. ქუთაისელებს ადრიან ბოუიმ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა დ ა7 პასი მიითვალა. 22 ქულა ჰქონდა ახალწვეულ სტივენ ფლეჯერს, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ცხუმ-აფხაზეთში 19 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ახალწვეული ჯაი უილიამსი.

A ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, როგორც ვთქვით, “ქუთაისი” “ტიტებს” შეხვდება და თუკი 12 ქულაზე მეტით არ წააგებს, ნახევარფინალში გავა.

C ჯგუფი დინამო – რუსთავი 83:106 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)

ამ ჯგუფში ცნობილია, რომ “დინამო”, როგორც ორივე მატჩის წამგები გუნდი, ბოლო ადგილზე გავა, ხოლო პირველობისთვის ერთმანეთს “რუსთავი” და “ვერა” შეხვდებიან. სწორედ ამ გუნდებმა მოუგეს დინამოელებს – “ვერამ” გუშინ ბრძოლაში და დღეს “რუსთავმა” – იოლად.

რუსთაველებს კოვიდ-ინფექციის გამო რამდენიმე კალათბურთელი აკლდა, რომელთა ნაცვლადაც ახალგაზრდებმა ითამაშეს. ქვემოქართლურ გუნდს დანაკლისი საერთოდ არ დასტყობია. ანატოლი ბოისას გუნდმა დამაჯერებლად სძლია მეტოქეს და ფინალს მიუახლოვდა.

“ვერასა” და “რუსთავის” შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 იანვარს, 14:15 საათზე გაიმართება.

GBF.GE

0.115271