ფეხბურთი

19:53 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი 6:2 დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მზადებას აგრძელებს და თბილისში ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთის ნაკრებთან გამართა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა და 6:2 მოიგო. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, რასაც ელისანდრომ და თალესმა უპასუხეს, თუმცა, ტაიმი მაინც ფრედ (2:2) დასრულდა, რადგან ტაჯიკებმა წონასწორობა აღადგინეს.

24-ე და 26-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა სტუმართა კარი ორჯერ დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ჯერ შოთა თოფურიამ იხეირა, მერე კი თალესმა დუბლი გაიფორმა - 4:2. მატჩის დასკვნით ნაწილში ასათიანის შეგირდებმა კიდევ შეძლეს მეტოქის დამწუხრება. ამჯერად, გოლები ნიკოლოზ კურტანიძისა და არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა და საბოლოოდ - 6:2.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 16 იანვარს, ტაჯიკეთის ნაკრების კიდევ ერთხელ გაეჯიბრება, 19 იანვარს კი ნიდერლანდებში გაემგზავრება და ევრო 2022-სთვის იქ მოემზადება. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე 22-29 იანვარს, აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველო - ტაჯიკეთი 6:2 (2:2)

გოლები: 0:1 კუზიევი (4), 1:1 ელისანდრო (12), 2:1 თალესი (12), 2:2 სოლიევი (13), 3:2 თოფურია (24), 4:2 თალესი (26), 5:2 კურტანიძე (34), 6:2 სებისკვერაძე (40)

0.120936