ფეხბურთი

12:18 | 2.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "დიდ მეკარეებთან მიმუშავია და კურტუა ერთ-ერთი საუკეთესოა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდის ფორმით კმაყოფილია და „რეალში“ შესანიშნავი ატმოსფეროა.

„ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც ინტენსიურად თამაშობდა და ჩვენზე ორი დღით მეტი დაისვენა. გარდა ამისა, სტუმრად ჯერ წაგებული არ ჰქონდა. ბოლო 20 წუთი გაგვიჭირდა, მაგრამ პირველ ტაიმზე მეტად მაინც მატჩის ბოლო ნაწილი მომეწონა. პირველი ნახევარი ამხანაგურ თამაშს ჰგავდა.

დაღლილები ვიყავით და მომდევნო მატჩებისთვის მომზადებისთვის ეს უნდა გავითვალისწინოთ. მოკლე დროში სამი თამაში გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ და ყველაფრით კმაყოფილი ვარ, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა.

კურტუა? მე მქონდა შანსი მემუშავა ჩეხთან, ნოიერთან, კასილიასთან, დიეგო ლოპესთან და შემიძლია ვთქვა, რომ კურტუა ერთ-ერთი საუკეთესოა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო, ლა ლიგას კი 36 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში ჯანლუიჯი ბუფონთან „პარმაში“ და ედვინ ვან დერ სართან „იუვენტუსშიც“ უმუშავია.

0.106704