ფეხბურთი

14:53 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ყოველდღე ტკივილებით ვიღვიძებ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ"

შვედეთის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დილას ტკივილებით იღვიძებს.

40 წლის შვედის თქმით, არ სურს, რომ მომავალში სანანებლად ჰქონდეს კარიერის ნაადრევად დასრულება და ფიქრობს, რომ იქამდე ითამაშებს, სანამ ეს შეუძლია.

„ყოველდღე ტკივილით ვიღვიძებ, მაგრამ მიზნები და ადრენალინი მაქვს, ამიტომ თამაშს ვაგრძელებ. უნდა ვიმუშაო, რომ თავი მწვერვალზე შევინარჩუნო, სანამ შემიძლია ასე გავაგრძელებ, არ მინდა შემდეგ ვინანო. არ მინდა მომავალში ვიფიქრო, რომ შემეძლო კარიერის გაგრძელება, რადგან კარგად ვიყავი. მირჩევნია ბოლომდე მივიდე და ვთქვა, რომ აღარ შემიძლია ამის ატანა. ადრენალინი გკურნავს. ეს არ არის კონტრაქტის ან დიდების საკითხი, სოციალურ ქსელში გამომწერებით ვერ განიკურნები ისე, როგორც ადრენალინით. ეს ახალ თაობას არ ესმის, ძალიან ვამაყობ, რომ უფროს თაობას ვეკუთვნი, რომელსაც რაღაცის მისაღწევად ბევრი რამის გაკეთება მოუწია.

ესპანეთი-შვედეთის მატჩში ასპილიკუეტას განზრახ ჩავარტყი, ეს გამიზნულად გავაკეთე. არ მრცხვენია ამის თქმა, რადგან მან ჩემი თანაგუნდელის მიმართ რაღაც სისულელე ჩაიდინა. ჩემი ჟესტიც სულელური იყო, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც მანამდე გააკეთა. მას არ ჰქონდა გამბედაობა, რომ იგივე ჩემთან გაეკეთებინა. ეს არ იყო ჩემი მხრიდან კარგი საქციელი, მაგრამ იგივეს გავიმეორებდი, რადგან ასეთი ვარ. ეს არ გამიკეთებია წაგებით გამოწვეული ბრაზის გამო, არამედ იმის გამო, გავაკეთე, რომ ჩემს თანაგუნდელს დასცინოდა. ძალიან ადვილია ჩემი თანაგუნდელების დადანაშაულება, რომლებიც 20 წლის და ძალიან კარგი ბიჭები არიან. დიახ, მეც სისულელე გავაკეთე, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ასე მოვიქცეოდი.

„მილანში“ ჩემი თანაგუნდელები თავს ახალგაზრდად მაგრძნობინებენ. ისინი ამ ეფექტს ჩემზე ახდენენ, თავს ბენჯამინ ბატონად ვგრძნობ. ძალიან ვამაყობ, რადგან ვხედავ, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ, იცვლიან მენტალიტეტს. ეს არის ახლა ჩემი ბედნიერება, ადრენალინი. გავდივარ მოედანზე და იმდენს დავრბივარ, როგორც ისინი. 20 წელია ამას ვაკეთებ. „მილანში“, როცა პირველად ვიყავი, სუპერვარსკვლავების გუნდი გვყავდა, ახლა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, მაგრამ პროექტი განსხვავებულია და ეს უფრო სასიამოვნოა, რადგან თუ წარმატებას სუპერვარსკვლავებთან ერთად მიაღწევ, ეს თითქმის მოცემულობაა, ახლანდელი პროექტის შემთხვევაში კი არ არის პროგნოზირებადი და უფრო სასიამოვნოა.

პრემიერლიგა და სერია A? ინგლისზე უკეთესი ტექნიკური თვალსაზრისით ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატებია. მაგრამ პრემიერლიგას ძალიან მაღალი ტემპი აქვს და თუ ამ ტემპს ვერ მართავ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაც არ იქნება საკმარისი, რომ იქ ითამაშო.

ლებრონთან დაპირისპირება სოციალურ ქსელში? სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკა ჰყოფს. თუ რასიზმზე ვსაუბრობთ, ეს სხვა რამეა და მეც ვეთანხმები. მაგრამ პოლიტიკაში არ ვერევი. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, ახლა პრეზიდენტი ვიქნებოდი. ლებრონს პირადად არ ვიცნობ და მას არ ვამტყუნებ. რასიზმზე მას ვეთანმხები, მაგრამ როცა 50 ათასი ადამიანი ბოშას გეძახის, ესეც რასიზმია“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა Guardian-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს „მილანთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ შესაძლოა მხარეებმა თანამშრომლობა 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელონ, რადგან ზლატანი ფეხბურთის თამაშს მომდევნო სეზონშიც აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114107