ფეხბურთი

11:20 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი ექიმი: "მარადონა გულის გარეშეა დაკრძალული"

არგენტინელმა ექიმმა და ჟურნალისტმა ნელსონ კასტრომ არგენტინულ მედიასთან საუბარში განაცხადა დიეგო არმანდო მარადონა გულის გარეშეა დაკრძალული. როგორც მან აღნიშნა, დიეგოს გული ამოუღეს, რაც სიკვდილის მიზეზის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„წინააღმდეგობის თვალსაზრისით პრივილეგირებული სხეული ჰქონდა, სხვა ადამიანები მის სიტუაციაში უფრო ადრე მოკვდებოდნენ. მისი გული ამოიღეს შესასწავლად, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ცხადია, დიეგო გულის გარეშეა დაკრძალული. მისი გული ნახევარ კილოგრამს იწონიდა, როცა ჩვეულებრივ მისი წონა 300 გრამია. თუმცა, მას გული დიდი ჰქონდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგალითად, გულის უკმარისობისა და გულის დაავადების გამო“, - აღნიშნა კასტრომ.

აღსანიშნავია, რომ ნელსონ კასტრომ სხვა საინტერესო დეტალიც გაიხსენა და თქვა, რომ მარადონა შეიძლებოდა 2000 წლის იანვარში მანქანაში გარდაცვლილიყო, მაგრამ მაშინ მისი სიცოცხლე ურუგვაელ ექიმს, ხორხე რომეროს გადაურჩენია.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე შეშუპება გახდა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული.

0.115203