შვედეთის ნაკრების ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც შვედმა თავდამსხმელმა აღნიშნა, მატჩის შედეგში განსხვავება მხოლოდ ერთმა ფაქტმა გამოიწვია - საგოლე მომენტების გამოუყენებლობამ.
„არა, არ ვფიქრობ, რომ წაგების მიზეზი საქართველოს ნაკრების დაუფასელობაა. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ შანსები ვერ გამოვიყენეთ, საქართველოს ნაკრებმა კი გოლების გატანა შეძლო და ამიტომ წავაგეთ. ახლა მთავარი ის არის, რომ ხვალ ახალი დღე იწყება და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანის გარდა, მოკლე კომენტარი შვედეთის ნაკრების კაპიტანმა ვიქტორ ლინდელოფმა გააკეთა:
„ცხადია, შედეგი ჩვენთვის სასურველი არ არის, მაგრამ ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და სრული კონცენტრაცია ესპანეთთან დაპირისპირებაზე მოვახდინოთ“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, კოსოვოს ნაკრებს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ საბერძნეთთან დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. აქვე გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევი ეტაპის განვლილ 8 მატჩში: შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1, კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, საბერძნეთთან 0:2, კოსოვოსთან 2:1 და შვედეთთან 2:0.
აქვე გეტყვით, რომ შვედეთის ნაკრებს გადამწვეტი მატჩი ბოლო ტურში სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.