ფეხბურთი

2:17 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

უბერებელი იბრაჰიმოვიჩის შოუ "რომასთან"

იტალიის სერია A-ში „მილანისა“ და „ნაპოლის“ დიდებული სვლა გრძელდება. „როსონერიმ“ და „აძურიმ“ მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს და ცხადია, რომ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ტურის მთავარ შეხვედრაში „მილანმა“ რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჟოზე მოურინიოს „რომა“ დაამარცხა. უბრალოდ შეუდარებელი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც 40 წლისაა, მაგრამ არაფერი ეტყობა. ზლატანმა 26-ე წუთზე ჯარიმა უნაკლოს შეასრულა და ლომბარდიული გრანდი დააწინაურა. შვედმა შიდა ჩემპიონატების ეგიდით მე-400 გოლი გაიტანა, ხოლო სერია A-ში 150-ე!

იბრაჰიმოვიჩმა შოუს დადგმა შესვენების შემდგომაც განაგრძო. ჯერ მეორედ გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გოლი არ ჩაითვალა, ცოტა ხანში კი პენალტი მოიპოვა და დარტყმა ფრანკ კესის დაუთმო, რომელმაც სხვაობა ორამდე მშვიდად გაზარდა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.

თუმცა, „მილანს“ ნერვიულობა მაინც მოუწია, რადგან სულ მალე ტეო ერნანდესი გააძევეს და რიცხობრივ უპირატესობაში „რომამ“ მწვავედ შეუტია. მსაჯის კომპენსირებულ დროში სტეფან ელ შაარავიმ სხვაობა შეამცირა, ხოლო მერე ჩიპრიან ტატარუშანუმ კარლეს პერესის რთული დარტყმა მოიგერია და „მილანმა“ დიდებულად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. „მილანს“ 31 ქულა აქვს და მსგავსი სტარტი 1954 წლის შემდეგ პირველად აქვს, თუმცა, ერთპიროვნული ლიდერი მაინც არაა, რადგან „ნაპოლისაც“ ასევე 31 ქულა აქვს.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა მორიგი გამარჯვება დერბიში, სტუმრად „სალერნიტანასთან“ მოიპოვა. „ნაპოლისთვის“ მძიმე თამაში გამოდგა და მისი ბედი პიოტრ ზიელინსკის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ნეაპოლურ გუნდს დიდებული სტარტი აქვს და ეჭვაგარეშეა, რომ ტიტულის მოპოვებას მიზნად ისახავს.

მოიგო „ინტერმაც“, რომელმაც ხოაკინ კორეას დუბლით შინ „უდინეზეს“ მშვიდად მოუგო. „ნერაძურის“ სეზონი ცუდად არ დაუწყია, თუმცა „მილანისა“ და „ნაპოლის“ შეუდარებელი ფორმის გადამკიდე, ლიდერთა დუეტს 7 ქულით ჩამორჩება. სიმონე ინძაგის გუნდს მომდევნო ტურში ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და „დერბი დელა მადონინაში“ „მილანს“ დაუპირისპირდება.

და ბოლოს, „ფიორენტინაზეც“ ვთქვათ, რომლის რიგებში დუშან ვლაჰოვიჩი ბრწყინავს. 21 წლის სერბმა „სპეციასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოაპოვებინა.

„ინტერი“ – „უდინეზე“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კორეა (60), 2:0 კორეა (68)

„სასუოლო“ – „ემპოლი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ტონელი (43, ა.გ), 1:1 პინამონტი (83, პენ), 1:2 ზურკოვსკი (90)

„ჯენოა“ – „ვენეცია“ 0:0 (0:0)

„ფიორენტინა“ – „სპეცია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (44), 2:0 ვლაჰოვიჩი (62), 3:0 ვლაჰოვიჩი (74)

„სალერნიტანა“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ზიელინსკი (61)

„რომა“ – „მილანი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (26), 0:2 კესი (57, პენ), 1:2 ელ შაარავი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1106