საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში გასვლის შემდეგ ATP რეიტინგში დაწინაურდა. 1000-იანი მასტერის წინ ნიკოლოზო 36-ე ადგილზე იყო, ახლა კი ერთბაშად 9 საფეხურით დაწიანურდა და 27-ე პოზიციაზეა.
ბასილაშვილმა ინდიან უელსზე 510 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 2 066 ქულით როგორც ვთქვით, 27-ეა. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ჩვენებურს ფინალი რომ მოეგო, მე-17 ადგილამდე აღზევდებოდა. ცნობისთვის, კამერონ ნორი გამარჯვების შედეგად 26-ე ადგილიდან მე-15-მდე დაწინაურდა.
რეიტინგის ზედა ნაწილში ცვლილებები პრაქტიკულად არ მომხდარა, მხოლოდ რაფაელ ნადალმა გადაასწრო ანდრეი რუბლევს და ხუთელში დაბრუნდა. ლიდერი ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც კვალში დანიილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი და ალექსანდერ ზვერევი უდგანან.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის ფინალამდე კრისტოფერ ეუბანკსი (6:4, 6:3), ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (4:6, 7:6, 6:2), რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 7:6), რეიტინგის მესამე ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი (6:4, 2:6, 6:4) და ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:3) დაამარცხა, ხოლო ფინალში კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 წააგო.