კალათბურთი

15:00 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის ახალ სპორტის სასახლეში კლუბ “ივერიონი-გორის” პრეზენტაცია გაიმართა

24 სექტემბერს შიდა ქართლის სპორტულ, უფრო ზუსტად კი საკალათბურთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. საფუძველი ჩაეყარა საკალათბურთო კლუბ “ივერიონი-გორს”, რომლის პრეზენტაციაც გორის ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში გაიმართა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სპორტის სასახლეში დიდი სტუმრიანობა იყო. “ივერიონი-გორის” პირველ ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად შიდა ქართლის გუბერნატორი, ქალაქ გორის მერი, საქართველოს ეროვნული და ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი კალათბურთელები და გორელი გულშემატკივრები მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ გორის ახალ სპორტის სასახლეში ახალახან დამონტაჟდა საკალათბურთო ფარები, გაიმართა სპორტის ამ სახეობისთვის საჭირო ყველა მოწყობილობა – ტაბლო, LED-მონიტორი, 24 წამის დამთვლელი. ადგილობრივ კალათბურთის ფედერაციას სპორტის სასახლის მოწყობაში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად დახმარება გაუწია საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც გორელებს საჭირო ინვენტარი და ატრიბუტიკა გადასცა.

“ივერიონი-გორის” უახლოესი გეგმა ახალ სეზონში “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობაა, თუმცა კლუბის მთავარი მიზანი საბავშვო სექციების აქტიური ფუნქციონირება და ამ გზით რეგიონში კალათბურთის განვითარება და პოპულარიზაციაა. გორის სპორტის სასახლეში უკვე ვარჯიშობენ საკალათბურთო ჯგუფები, რომლებიც ეროვნული ფედერაციისგან საჭირო საკალათბურთო ინვენტარის მიღების შემდეგ აქტივობას მნიშვნელოვნად გააფართოებენ.

“ივერიონი-გორის” პრეზიდენტი, ილია ჯოლბორდი ადგილობრივი ბიზნესმენია, რომელიც ყოფილი კალათბურთელია და სურვილი აქვს, გორში და მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში კალათბურთი ააღორძინოს. ამაში მას სრული მხარდაჭერა აქვს როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ისე ეროვნული და შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციებისგან. რეგიონში კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “ივერიონი-გორის” პრეზენტაციაზე ილია ჯოლბორდს მადლობის სიგელი გადასცა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა.

GBF.GE

0.152515