კალათბურთი

12:15 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

3×3 Geotour 2021-ის ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს “სიმონები” შეუერთდა

გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში – Geotour 2021, რომლის მეორე შესარჩევ ტურს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. გრაფიკის თანახმად, 12 აგვისტოს გამართული თბილისის გახსნითი ტურის შემდეგ შესარჩევი ტურები ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში იყო დაგეგმილი, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ისინი დედაქალაქში ჩატარდება.

18 აგვისტოს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ტურნირში თავი შვიდმა გუნდმა მოიყარა. კოვიდ-რეგულაციების თანახმად, ტურნირში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერადად აცრილმა კალათბურთელებისთვის იყო დაშვებული. თუ აცრილი არ იყო, მონაწილეს ბოლო 72 საათში გაკეთებული კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოედგინა.

ერთ ჯგუფში 3 გუნდი იყო, მეორეში – ოთხი, ნახევარფინალში კი 2-2 საუკეთესო გავიდა. ფინალში გასასვლელი ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა: “სიმონებმა” STICHI 21:17 დაამარცხა, ხოლო Triplets-მა BIODRONE-ს 17:15 სძლია. ფინალურ შეხვედრაში “სიმონებმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 21:13 და Geotour 2021-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

გამარჯვებულ გუნდს ერგო საპრიზო 300 ლარი, რომელიც “სიმონების” წევრებს – ლევან ლოლიშვილს, ნიკოლოზ ლოლიშვილსა და საბა სირაძეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ფინალში დამარცხებული Triplets-ის ლიდერი, ლუკა ცირეკიძე გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა.

“სიმონები” ფინალურ ეტაპში გადავიდნენ და შეუერთდნენ თბილისის შესარჩევი ტურიდან გასულ 8 გუნდს. შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტაპზე 12 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს და გამარჯვებულს ჩემპიონის ტიტულთან ერთად 2500 ლარი, ხოლო ფინალში დამარცხებულს 1000 ლარი ერგება. ფინალამდე კიდევ 3 შესარჩევი ტური თბილისში გაიმართება.

GBF.GE

0.132283