„პარი სენ ჟერმენმა“ ლიონელ მესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელი „პარკ დე პრენსზე“ წარადგინეს, სადაც 30-ნომრიანი მაისური ოფიციალურად გადასცეს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ მოუთმელად ელოდება კარიერაში ახალი თავის დაწყებას.
“მოუთმენლად ველოდები პარიზში კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას. კლუბი და მისი გეგმა სრულ ჰარმონიაშია ჩემს ამბიციებთან. ვიცი, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი და კარგი პერსონალია აქ. მინდა მათ გვერდით რაღაც დიდი შევქმნა კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. მოუთმენლად ველოდები „პარკ დე პრენსზე“ თამაშს“, - თქვა მესიმ.
კომენტარი გააკეთა „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ, რომელმაც თქვა, რომ ბედნიერია მესის დამატებით:
„მოხარული ვარ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენი“ აირჩია და ვამაყობთ, რომ მას ოჯახთან ერთად პარიზში მივესალმებით. მას სურს მოიგოს ტიტულები და რა თქმა უნდა, კლუბის ამბიციებიც იგივეა. ლეოს ტრანსფერი ადასტურებს ჩვენი გუნდის წარმატებულ მუშაობს. მოუთმენლად ველოდები, რომ ჩვენი გუნდი შექმნის ისტორიას ჩვენი ყველა გულშემატკივრისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
34 წლის ფეხბურთელიც პარიზში ჩავიდა. მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ანაზღაურება 35 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში არსებობს თანამშრომლობის ერთი წლით განახლების პუნქტიც. მესი პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
შეგახსენებთ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ბარსელონაში 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა. მან 10-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 7-ჯერ ესპანეთის თასი, ასევე 7-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამ-სამჯერ კი ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა. ლიონელ მესი ბარსელონაში 2000 წლიდან ირიცხებოდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2005 წელს ჰქონდა.