სხვა

3:40 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ სპრინტში მეორე ოქროც აიღო

ლამონ მარსელ ჯეკობსმა და კომპანიამ, სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, ამერიკელმა ელისონ ფელიქსმა მეათე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, სიფან ჰასანმა კი „შეუსრულებელი“ მისია ვერ შეასრულა.

სპორტის იტალიელ მოყვარულებს, ტოკიოს ოლიმპიადა არასდროს დაავიწყდებათ. კვირას მათმა სპორტსმენებმა სიმაღლეზე ხტომასა და 100 მეტრზე სპრინტში მოიპოვეს ოქროს მედლები, დღეს კი ოლიმპიადბის ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში გახდნენ ჩემპიონები.

იტალიელები სპორტულ სიარულშიც კარგად ასპარეზბენ. ჯერ ხუთშაბათს მასიმო სტანომ 20 კილომეტრზე აიღო ოქრო, დღეს კი იმავე დისტანციაზე, ქალთა შორის ანტონელა პალმისანომ გაიმარჯვა.

ესტაფეტის მიწურულს ისე ჩანდა, რომ ბრიტანეთს ვერავინ მოუგებდა. მაგრამ ფილიპო ტორტუმ ბოლო მეტრებზე შეძლო დაწინაურება და იტალიას სენსაციური გამარჯვება მოაპოვებინა. ფავორიტი იამაიკა ამანათის გადაცემისას მოიკოჭლებდა, რის გამოც, კვარცხლბეკის მიღმა დარჩა. მესამე ადგილი კი კანადამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ამ ესტაფეტაზე, იტალიას მედალი ბოლოს 73 წლის წინათ ჰქონდა მოპოვებული.

ქალთა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში კი ბადალი არ ჰყავდა იამაიკის ოთხეულს, რომელშიც 100 მეტრზე სპრინტის სამი მედალოსანი შედიოდა. ელეინ თომპსონ-ერამ, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა, შერიკა ჯეკსონმა და ბრიანა უილიამსმა, ბრიტანეთს და აშშ-ს მოგების მცირე შანსიც არ დაუტოვეს და იამაიკის დამოუკიდებლობის დღე ოქროს მედლებით აღნიშნეს.

400 მეტრზე სპრინტში ბაჰამელმა შონა მილერ-უიბომ გაიმარჯვა, ვინც რიოში მცირედით აჯობა ელისონ ფელიქსს, თუმცა ამჯერად ბადალი არ ჰყავდა და მეორე ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა. დომინიკის რესპუბლიკელმა მერილეიდი პაულინომ ფინიში მეორემ გადაკვეთა, ფელიქსი კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ფელიქსმა თავისი 10 ოლიმპიური მედლით, სახელოვანი იამაიკელი მერლინ ოტი ჩამოიტოვა, ვისაც 9 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, რომელთაგან არცერთია ოქროსი. ფელიქსმა თავისი ლეგენდარული თანამემამულის, კარლ ლუისის მიღწევა გაიმეორა, თუმცა მისი გადასწრების შანსიც აქვს - შაბათს 4x400 მეტრზე ესტაფეტაში იასპარეზებს.

ქალთა შორის 1500 მეტრზე გარბენში, ჰოლანდიელ სიფან ჰასანს ენერგია არ ეყო იმისთვის, რომ კენიელი ფაით კიპიეგონის ტემპში ერბინა. ჰასანს 5000 მეტრზე ოქრო უკვე მოპოვებული აქვს და მალე 10000 მეტრზეც ირბენს. თუმცა „შეუსრულებელ“ მისიას უკვე ვეღარ შეასრულებს, რადგან 1500 მეტრზე ბრინჯაოს დასჯერდა. თუმცა საშუალო დისტანციაზე ორი ოქროც შესანიშნავი შედეგი იქნება.1500 მეტრზე ვერცხლი ბრიტანელმა ლორა მუირმა მოიპოვა.

მამაკაცთა შორის 5000 მეტრზე სირბილში უგანდელმა ჯოშუა ჩეპტეგეიმ გაიმარჯვა, ვინც კანადელ მოჰამედ აჰმედს და ამერიკელ პოლ ჩელიმოს აჯობა. ჩეპტეგეი 5000 და 10000 მეტრზე მსოფლიო რეკორდსმენია. ათ კილომეტრზე ის ვერცხლს დასჯერდა, თუმცა თავისი პირველი ოლიმპიური ოქრო მაინც მოიპოვა. მას ნახევარი წამი დააკლდა ლეგენდარული ეთიოპიელის, კენენისა ბეკელეს ოლიმპიურ რეკორდამდე.

50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში, პოლონელმა დავიდ ტომალამ გაიმარჯვა. მან უკან ჩამოიტოვა გერმანელი ჯონათან ჰილბერტი (ვერცხლი) და კანადელი ევან დანფი (ბრინჯაო). სამწუხაროდ, ეს დისტანცია პარიზის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოღებულია.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 51 წლის ესპანელმა ხესუს ანხელ გარსიამ, ვინც 35-ე ადგილი დაიკავა. ეს მისთვის მერვე ოლიმპიადაა, რაც მძლეოსნობაში რეკორდია.

ქალთა შორის შუბის ტყორცნაში, ბადალი არ ჰყავდა ჩინელ ლიუ შიინს, ვინც 66.34 მეტრზე ნასროლი შუბის წყალობით მოიპოვა ოქრო. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები პოლონელ მარია ანდრეიჩუკს და ავსტრალიელ კელსი-ლი ბარბერს ერგოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139486