ტოკიოს ოლიმპიადიაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის (130 კგ) იბრძოლებს! ქართველი ფალავანი ნახევარფინალში ჩილელ იასმანი ფერნანდეს აკოსტას დაუპირისპირდა.
შეხვედრა ძალზე დაძაბული და დრამატული გამოდგა. პირველი ქულა ჩილელმა მოჭიდავემ მოიპოვა, მაგრამ იაკობმა ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლა 1:1 დასრულდა, მაგრამ ბოლო მოპოვებული ქულის უპირატესობით ქაჯაიამ იმარჯვა და ოლიმპიადის ფინალშია!
ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს და საქართველოს ყულაბა უკვე ექვს მედლამდე გაიზარდა. იაკობი ფინალში 2 აგვისტოს, ლეგენდარულ კუბელ მიაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ამ წონაში ნამდვილად უძლიერესი მეტოქეა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება და ქაჯაიას ფინალური შეხვედრა რიგით მეექვსე იქნება.
ნახევარფინალდე ქართველი ფალავანი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს შეხვდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალს უწია. იქ ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა რუს სერგეი სემიონოვთან. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული.
2 აგვისტოს ასპარეზობაში ჩაერთვება გიორგი მელია (97 კგ), რომელიც მერვედფინალში რუს მუსა ევლოევს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ამ დროისთვის უკვე 5 მედალია - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. თავიდან მედლები ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა. თუმცა, 2 აგვისტოს ფინალის დასრულების შემდეგ ეს რაოდენობა აუცილებლად ექვსამდე გაიზრდება, მხოლოდ ის გაირკვევა, რა სინჯის იქნება მორიგი მედალი - ოქრო თუ ვერცხლი.