სხვა

2:45 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერმუდა - ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო

დღეს ტოკიოში გამორჩეული რამ მოხდა - ოქროს მედალს ბერმუდელი ფლორა დაფი დაეუფლა, ვინც გამარჯვება ქალთა შორის ტრიატლონში მოიპოვა. ამიერიდან, ბერმუდა გახდა ყველაზე პატარა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ოლიმპიური ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული.

ცნობისათვის, ბერმუდას მოსახლეობა მხოლოდ 63 ათასია. ეს ყვეყანა ტერიტორიითაც ყველაზე პატარაა ოლიმპიური ოქროს მფლობელ ქვეყნებს შორის. ბერმუდას სახელით პირველი ოლიმპიური მედალი, მონრეალის 1976 წლის თამაშებზე, მოკრივე კლარენს ჰილს მოუპოვებია, ვინც ბრინჯაოს დაეუფლა.

33 წლის დაფი შინ არ ვარჯიშობს. ის ამერიკის შტატ კოლორადოს ქალაქ ბულდრში ცხოვრობს და ოლიმპიადისთვისაც იქვე ემზადებოდა. მის გამარჯვებაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ტოკიომდე, ორჯერ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის წოდებას. დაფიმ წუთით და 14 წამით აჯობა მეორეზე გასულ ბრიტანელ ჯორჯია ტეილორ-ბრაუნს. მესამე ადგილი ამერიკელმა კეიტი ცაფერსმა დაიკავა.

ცნობისათვის, ტოკიოში ბერმუდადან კიდევ ერთი ათლეტი, ნიჩბოსანი დარა ალიზადე ასპარეზობს.

საინტერესოა, რომ ტეილორ-ბრაუნს იღბალმა უმტყუნა - ველოსიპედით ასპარეზობისას, მას ბორბალი დაეშვა. შემთხვევა ბორბლების შესაცვლელ პუნქტთან მოხდა, მაგრამ მან გზის გაგრძელება გადაწყვიტა. ასე მოსახვევებს ძალიან ნელა გადიოდა. და იმ დაწინაურებულ ოთხეულს ჩამორჩა, რომლებთან ერთადაც, მდევრებს წუთზე მეტს უგებდა. სირბილის ეტაპის წინ, ის ლიდერ ოთხეულს 22 წამით ჩამორჩებოდა.

მაგრამ სირბილში სწრაფად ჩამოიტოვა ორი მეტოქე, ბოლოს ამერიკელ მსოფლიო ჩემპიონ ცაფერსსაც გაასწრო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134555