სხვა

0:56 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

თინეიჯერი ჯეიკობი - მაყურებლის ნაცვლად, ოლიმპიური ჩემპიონი!

ტოკიოს ოლიმპიადა რომ თავის დროზე გამართულიყო, ამერიკელი ლიდია ჯეიკობი, ტოკიოში ალბათ მაყურებლად გაემგზავრებოდა. მაგრამ დღეს ის ოლიმპიადის მონაწილეა და თან, ოქროს მედალს დაეუფლა! ალიასკელმა თინეიჯერმა, 100 მეტრზე ბრასში, ოლიმპიურ ჩემპიონ და მსოფლიო რეკორდსმენ თანაგუნდელთან პაექრობაში გაიმარჯვა!

17 წლის გოგონამ ასი მეტრი წუთსა და 04.95 წამში გაცურა და მეორე ადგილზე დატოვა სამხრეთაფრიკელი ტატიანა შოენმაკერი, ვინც ჩემპიონს 0.27 წამით ჩამორჩა. ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა ოლიმპიური თამაშების ამერიკელი ჩემპიონი ლილია კინგი, ვინც ამ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდის მფლობელიცაა.

ნახევარი დისტანციის შემდეგ ჯეიკობი მხოლოდ მესამე ადგილზე იყო, მაგრამ უკანა გზაზე მკვეთრად გაზარდა ტემპი და ბოლო 25 მეტრზე ყველას გადაასწრო. კედელთან შეხებისთანავე, მან ტაბლოს გახედა და გაოცებული დარჩა. ის პირველი ალიასკელი მოცურავეა, ვინც ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

ერთი წლის წინათ ის ვერც იოცნებებდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებდა. მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მას ერთი დამატებითი წელი მისცა. ამ დროში, ის სწრაფ მოცურავედ ჩამოყალიბდა, რისი შედეგიც სპორტულმა სამყარომ დღეს იხილა. და თან, უკან მოიტოვა საკუთარი გმირი, ვისაც 12 წლისა, რიოს ოლიმპიადაზე ქომაგობდა.

ჯეიკობის მშობლები მცირე გემის კაპიტნები არიან და ტურისტები ვეშაპებზე დასაკვირვებლად დაჰყავთ. მათ გოგონა ცურვაზე 6 წლისა შეიყვანეს, რადგან ჩათვალეს, რომ სანაპიროზე მცხოვრებს, წყლისგან ხიფათი არ დაემუქრებოდა.

კინგი და შოენმაკერი, რომლებიც 24 წლისანი არიან, პრეს კონფერენციაზე ხუმრობდნენ, რომ ჯეიკობიმ თავი ხნიერ ადამიანებად აგრძნობინა. „დღეს ჩემი დღე არ იყო. დღეს ლიდიას დღე იყო და მან ცხოვრების გაცურვა შეასრულა. ასე რომ, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა კინგმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115166