სხვა

5:12 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრიატლონის ოქროს ნორვეგიელი ბლუმენფელტი დაეუფლა

მამაკაცთა შორის ტრიატლონის შეჯიბრი, ნორვეგიელი კრისტიან ბლუმენფელტის გამარჯვებით დასრულდა. მან ბოლო კილომეტრებზე შეძლო უფრო სწრაფი ორი მეტოქის ჩამოტოვება და ამ სახეობაში, ნორვეგიას პირველი მედალი, თანაც ოქროსი მოუპოვა.

ბლუმენფელტმა ჯერ კიდევ მეორე ეტაპზე, ველოსიპედებით რბოლისას (40 კილომეტრზე) შეძლო ორ მეტოქესთან ერთად დაწინაურება. მესამე, სირბილის ეტაპზე, ის ბრიტანელ ალექს იეისთან და ახალზელანდიელ ჰეიდენ უაილდთან პირისპირ დარჩა, რომლებიც მოკლე მანძილზე მასზე სწრაფები არიან. მაგრამ ნორვეგიელმა მათზე ადრე აუჩქარა ფეხს და ფინიშსაც პირველმა მიაღწია.

ბლუმენფელტმა ასპარეზობა საათში, 45 წუთსა და 04 წამში დაასრულა. მეორე ადგილი იეიმ დაიკავა და ბრიტანეთს ტრიატლონში, რომელიც ოლიმპიურ პროგრამაში 2000 წლიდან არის, სპორტის ამ სახეობაში ყველაზე წარმატებული ქვეყნის სტატუსი შეუნარჩუნა. უილდი ბრინჯაოს დასჯერდა.

მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა ბრიტანელმა ჯონი ბრაუნლიმ, ვინც 2012 წელს ბრინჯაო მოიპოვა, 2016 წელს კი - ვერცხლი. სხვათა შორის, წინა ორ ოლიმპიადაზე ჩემპიონი მისი ძმა, ალისტერ ბრაუნლი გახდა.

„მე ისეთი სწრაფი ფეხები არ მაქვს, როგორიც მათ (იეის და უაილდს). ამიტომ ვიცოდი, რომ თუ მოგება მინდოდა, ხუთი წუთით ადრე უნდა დამეწყო შეტევა და ბოლომდე გამეძლო. მხოლოდ ასე შემეძლო მათი გატეხვა. და მიხარია, რომ ეს შევძელი“, - განაცხადა ბლუმენფელტმა.

ასპარეზბა ფალს სტარტით დაიწყო, რაც ჟურნალისტის კატერის ადრეულმა დაძვრამ გამოიწვია. მონაწილეთა ნაწილმა წყალში გადახტომა დააგვიანა და ნაწილმა კი, სანამ გაიგებდა, რომ სტარტი უნდა გამეორებულიყო, 200 მეტრამდე გაცურვაც კი მოასწრო. განმეორებით სტარტზე, წყალში ყველა ერთდროულად გადახტა. 1500-მეტრიანი დისტანცია ფავორიტებმა თითქმის ერთდროულად დაასრულეს.

ველორბოლის ეტაპზე კი თავიდან 10 მონაწილე დაწინაურდა, მეხუთე წრისთვის კი მათ უფრო დიდი ჯგუფი დაეწია, რომელტა შორისაც, ყველა ფავორიტი იყო. ყველაზე მეტი შანსი იეის ჰქონდა, ვინც 10 კილომეტრზე სირბილში ბრიტანეთის ჩემპიონია.

ბლუმენფელტმა, ვინც ტრიატლონში ირონმენის ნახევარ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდსმენია, სირბილის ეტაპის მიწურულს, სხვებზე ადრე გაზარდა ტემპი და როცა გააცნობიერა, რომ ვერავინ ეწეოდა, ფინიშის ხაზს ზეიმით მიუახლოვდა, მისი გადაკვეთის შემდეგ კი ძალაგამოლეული დაეცა.

0.151138