ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის დიდებულად მიმდინარეობს. ბუდაპეშტში ოქროს მედლებს ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე, ვერცხლს ანრი ფუტკარაძე, ხოლო ბრინჯაოს თამას ღლონტი დაეუფლა. გარდა ამისა, კვირას, შეჯიბრის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი სამ ქართველ მოჭიდავეს გააჩნია.
48 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახაძემ უკრაინელ არსენი კუტილს (5:1), რუს პაველ ბონდარს (7:6) და ყაზახ იუსუფ აშრაპოვს (3:3) აჯობა. ის ფინალში თურქ სერვეტ ანგის დაუპირისპირდა, 7:5 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
80 კგ წონით კატეგორიაშიც ჩემპიონი გვყავს - აჩიკო ბოლქვაძე გადამწყვეტ შეხვედრამდე ისე მივიდა, რომ ქულაც არ გაუშვია. მან ბეიბიტ კორგანოვი 9:0, პატრინ გორდანი 9:0 და ჯოჯუ სამადოვი 8:0 დაამარცხა. ფინალში ის რუს კამალუდინ მაგომედოვს შეხვდა, რომელთანაც წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ოქროს დაეპატრონა.
65 კგ წონით კატეგორიაში ანრი ფუტკარაძემ შვედი ედვინ ბაფი (7:0), აბდულა იშონხუჯაევი (7:0) და თურქი ნიჰატ კარა (5:4) დაამარცხა. ფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძეს შეხვდა, რომელთანაც მარცხი განიცადა და ვერცხლს დასჯერდა.
55 კგ წონით კატეგორიაში თამაზ ღლონტმა უკრაინელ ერიკ შევჩენკოსა (7:1) და უზბეკ ნავზოდ ახმედოვს (2:0) აჯობა, ხოლო ნახევარფინალში რუს ვალერი მაგნუტოვთან 3:4 წააგო. შედეგად ღლონტი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა და ინდოელ რუპინ რუპინს 5:1 მოუგო, რის შედეგადაც ბრინჯაო მოიპოვა.
დღესვე ასპარეზობაში ანრი ხოზრევანიძე, ბესო მახარაძე, რატი ხოზრევანიძე, თორნიკე მიქელთაძე და გორ აივაზიანი ჩაერთვნენ. ანრი ხოზრევანიძე, ბესო მახარაძე და რატი ხოზრევანიძე ნახევარფინალში გავიდნენ, იქ სამი დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავენე. რეპეშაჟში იასპარეზებს თორნიკე მიქელთაძე, რომელსაც ასევე აქვს ბრინჯაოს მედლის შანსი, ხოლო გორ იავაზიანი პირველობას გამოეთიშა.
აქვე გეტყვით, რომ მანამდე ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა. გიორგი გოგრიჭიანმა ვერცხლის, ხოლო თორნიკე სამხარაძემ ბრინჯაოს მედლის დაუფლება მოახერხა.