ფეხბურთი

0:59 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონმა მოგებით დაიწყო: გერმანია რთულ ვითარებაში ჩავარდა

ევრო 2020-ზე პირველი ტური დასრულდა და დასკვნითი შეხვედრა F ჯგუფში გაიმართა, ტურნირის ორ ფავორიტს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის. მიუხენში, „ალიანს არენა“ თამაში დაძაბული გამოდგა და მსოფლიოს ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო.

საფრანგეთის ნაკრებს არ უჩვენებია ფეერიული ფეხბურთი, მაგრამ ზუსტად ის თამაში აჩვენა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დალაგებული, დისციპლინური და გამართული.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეოცე წუთზე გავიდა. ლუკას ერნანდესმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და მატს ჰუმელსმა ავტოგოლი გაიტანა. იოაჰიმ ლიოვის გუნდს დიდი დრო ჰქონდა გასათანაბრებლად, მეტ-ნაკლებად მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ზოგადად, ნამდვილად არ ყოფილა გადასარევი თამაში და გუნდებმა კარის ჩარჩოში მხოლოდ თითოჯერ დაარტყეს. იყო ორი არჩათვლილი გოლიც, ორივე გერმანელთა კარში და ორივე სამართლიანად. კილიან მბაპემ და კარიმ ბენზემამ გაიტანეს, მაგრამ ორჯერვე მბაპე (მეორე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორი) თამაშგარეში იყო.

საფრანგეთმა 1:0 მოიგო და მერვედფინალისკენ ნამდვილად დიდი ნაბიჯი გადადგა. ზოგადად ჩანს, რომ საფრანგეთის ნაკრებში უდიდესი პოტენციალია და გამოკვეთილი ფავორიტია. დიდიე დეშამს რესურსის დიდი აქვს და სავარაუდოდ, ტურნირის მსვლელობისას კიდევ მოუმატებს. ხოლო გერმანიამ სიტუაცია გაირთულა და ლიოვის გუნდის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანიც ჩანს. „ბუნდესნაკრებს“ მომდევნო მატჩი პორტუგალიასთან აქვს და იქაც თუ უქულოდ დარჩება, მართლაც გაუჭირდება ჯგუფიდან გასვლა. საფრანგეთს კი უნგრეთთან გამარჯვებით შეუძლია პლეი-ოფის საგზურის მოპოვება. სხვათა შორის, გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი ისტორიაში პირველად წააგო.

ევრო 2020-ზე 16 ივნისიდან მეორე ტურის მატჩები დაიწყება: ფინეთი - რუსეთს, თურქეთი - უელსს და იტალია - შვეიცარიას შეხვდება.

საფრანგეთი - გერმანია 1:0 (1:0)

მიუნხენი, „ალიანს არენა“

საფრანგეთი (4-3-1-2): ლორისი; პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი; რაბიო (დემბელე 90), კანტე, პოგბა; გრიზმანი; ბენზემა (ტოლისო 88), მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გერმანია (3-4-3): ნოიერი; გინტერი (ემრე ჯანი 87), ჰუმელსი, რიუდიგერი; კიმიხი, გიუნდოგანი, კროოსი, გოსენსი (ვოლანდი 87); მიულერი, ჰავერტცი (სანე 74); გნაბრი (ვერნერი 74)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გოლი: 1:0 ჰუმელსი (20, ა.გ)

გაფრთხილება: კიმიხი (7)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (1) – 7 (1) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 4:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): პოლ პოგბა (საფრანგეთი)

მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი)

1. პორტუგალია 1 1 0 0 3 0 3 3
2. საფრანგეთი 1 1 0 0 1 0 1 3
3. გერმანია 1 0 0 1 0 1 -1 0
4. უნგრეთი 1 0 0 1 0 3 -3 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.187896