რაგბი

12:36 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამოტივაციო შეხვედრების სერია 7- ქალა ნაკრებით დაიწყო

საქართველოს 7-ქალა ნაკრებს, რომელიც ხორვატიაში გასამართი რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ ემზადება და შეკრებაზეა შესული, უჩვეულო დღე ჰქონდა.

მათთან სტუმრად რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რესან ქიქავა ეწვიენ (რესანი ამავე დროს „ექსპო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორია და კერძო სექტორში აღმასრულებელ პოზიცებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია).

ვიზიტი სამოტივაციო ხასიათის იყო, სტუმრებმა გოგონებს და მწვრთნელებს შესთვაზეს სემინარი მოტივაციასა და ლიდერობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და საინტერესო და ინტერაქტიულ გარემოში წარიმართა. შეხვედრა სტუმრებისთვის ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი ჯილდოთი, გოგონების ავტოგრაფებით დამშვენებული კვართების გადაცემით დასრულდა.

ნიკა ალავიძე ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები ყველა ფორმაციის (15-კაცა და 7-კაცა), ყველა ასაკობრივი ნაკრების (მათ შორის ეროვნული) მორაგბეებთან შედგება:

„ნებისმიერი ნაკრების თითოეული წევრი საქართველოს წარმოადგენს და ჩვენთვის, უბრალო მოკვდავი გულშემატკივრისთვის ისინი ნახევარ-ღმერთები არიან, მათთან შეხვედრის ნებისმიერი შესაძლებლობა კი დიდი პატივია. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა სხვა სივრცეში გადავიყვანოთ, მოთამაშეებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და ასე გადავუხადოთ მადლობა იმ თითოეული წუთისთვის, რომელსაც ისინი საკუთარი დაუღალავი შრომით გვჩუქნიან“.

„პირველი ასეთი შეხვედრა მე და რესანს საქართველოს 7-ქალა ნაკრებთან გვქონდა, რომელიც რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ ემზადება. გვსურს, რომ მსგავსი შეხვედრები მრავალჯერადი გახდეს. გვაქვს კორპორატიული და ინტელექტუალური დარგის სპეციალისტებთან შეთანხმება და მსგავსი შეხვედრები სერიის სახეს მიიღებს. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ მსგავს შეხვედრას 7-კაცა ნაკრებთან, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მოსკოვში გაემგზავრება, ასევე ჩვენი პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ჩართულობით ეროვნულ ნაკრებთან, რომელსაც ზაფხულში ოთხი უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება“.

„7-ქალასთან შეხვედრა კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით შედგა. ამ სემინარისთვის მე და რესანი დაახლოებით ორი თვე ვემზადებოდით. ლექცია-გასაუბრება დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. ვისაუბრეთ მოტივაციაზე, ლიდერობაზე და გამოცდილებაზე, რომელიც შესაძლოა კორპორატიული მართვიდან სპორტულ მართვაში გადაიყვანო“.

„შეხვედრით ყველანი კმაყოფილები დავრჩით. რაგბი მარტო მამაკაცების თამაში არაა და სპორტის ამ სახეობაში გოგონების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. 7-ქალას მენეჯერი ია ხურცილავა, ამავდროულად რაგბის კავშირის გამგეობის წევრია, მის კოლეგა ნატა კურტანიძესთან ერთად და ორგანიზაციის მართვაში უმნიშვნელოვანეს როილს თამაშობენ. ზოგადად, „რაგბი 7“ ოლიმპიური სახეობაა და მისი განვითარება ჩვენთვის უაღრესად პრიორიტეტული საკითხია“.

შეხვედრა-სემინარით კმაყოფილი დარჩა გამგეობის წევრი და 7-ქალას მენეჯერი ია ხურცილავა:

„ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა. სტუმრებმა და გოგონებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. რაგბის კავშირის ახალი მენეჯმენტი ქალთა რაგბის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს და ეს სამოტივაციო შეხვედრა პირველი ნაბიჯი იყო“.

7-ქალას კაპიტანმა ნათია გავაშელმა განაცხადა:

„ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა, რომლებიც ლიდერობასა და სტრატეგიულობაზე გვესაუბრნენ. სულ მალე ევროპის ჩენპიონატზე მივემგზავრებით, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო შესაბამისი მომზადება ვერ გავიარეთ, წინასატურნირო მატჩებიც არ გვქონია და ფსიქოლოგიურად წნეხის ქვეშ ვიყავით. ასეთ დროს მსგავსი საუბრები უმნიშვნელოვანესია. ვისაუბრეთ ეროვნული ნაკრების როლზე ქვეყნისთვის, რას ნიშნავს გულშემატკივრისთვის ნაკრები და ერთი ინდივიდის როლზე ქვეყნისთვის, ჩვენს შემთხვევაში ნაკრებისთვის. მომავალშიც სიამოვნებით მოვისმენთ მსგავს სემინარებს, რადგან ამ შეხვედრამ სხვა კუთხით დაგვანახა ჩვენი თავი“.

RUGBY.GE

0.16784