ფეხბურთი

1:05 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" იტალიის თასი მოიგო, ბუფონი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა

იტალიის თასი „იუვენტუსმა“ მოიგო. ტურინულმა გრანდმა ფინალში ბერგამოს „ატალანტა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მე-14 კოპა იტალია დაისაკუთრა.

რეჯიო ემილიაში, 4 300 მაყურებლის თვალწინ ორი განსხვავებული ტაიმი შედგა. პირველში „ატალანტა“ უკეთესი იყო, მეორეში „იუვემ“ მეტოქე თამაშიდან გააქრო. შეხვედრა ბერგამოელთა უპირატესობით დაიწყო და ჯიჯი ბუფონმა ორჯერ დიდებულად ითამაშა. ტურინელთა პირველივე ნორმალური იერიში კი გოლით დასრულდა. დეიან კულუშევსკიმ ცაციათი დიდოსტატურად დაარტყა და ანგარიში გახსნა. თუმცა, ზუსტად 10 წუთში „ატალანტამ“ რუსლან მალინოვსკის გოლით გაათანაბრა - 1:1.

აი, მეორე ტაიმი განსხვავებული გამოდგა. „იუვემ’ მეტოქეს პრაქტიკულად საჯარიმოში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა და თვითონაც შეტევაში ხიფათს უფრო ხშირად ქმნიდა, საიდანაც ერთი გამოიყენა. 73-ე წუთზე კულუშევსკის პასით ფედერიკო კიეზამ გაიტანა და თავისივე დაწყებული შეტევა დააგვირგვინა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული მოიგო იტალიის სუპერთასის შემდეგ. თასი ჯიჯი ბუფონმა აღმართა, რომელმაც ბოლო თამაში ჩაატარა „იუვენტუსში“, 685-ე! ბუფონმა მეექვსედ მოიგო იტალიის თასი და მასზე მეტჯერ ეს ჯილდო არავის მოუგია. მათ შორის, ერთხელ „პარმას“ მაისურით და მაშინ მისი თანაგუნდელი ფედერიკო კიეზას მამა, ენრიკო იყო. ახლა მან მის შვილთან ერთად მოიგო იგივე ჯილდო და ცხადია, ეს უნიკალური შემთხვევაა. ანდრეა პირლო ლუის მონტის, კარლო პაროლასა და დინო ძოფის შემდეგ „იუვენტუსის“ ისტორიაში მეოთხე ადამიანია, რომელმაც იტალიის თასი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგო.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“

მაყურებელი: 4 500

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი (ჯიმსიტი 76), რომერო, პალომინო; ჰატებური (ილიჩიჩი 76), დე რუნი, ფროილერი, გოსენსი (მირანჩუკი 83); მალინოვსკი (მურიელი 68), პესინა (პაშალიჩი 68); ძაპატა

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; კუადრადო, დე ლიხტი, კიელინი, დანილო; მაკკენი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა (დიბალა 74); კულუშევსკი (ბონუჩი 83), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 კულუშევსკი (31), 1:1 მალინოვსკი (41), 1:2 კიეზა (73)

გაფრთხილება: მალინოვსკი (35), რომერო (78), ფროილერი - კიელინი (27), დე ლიხტი (41)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 14 (8) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დავიდე მასა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146355