სხვა

3:11 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალვარესმა სონდერსს ნოკაუტით მოუგო და ზესაშუალო წონის ტიტულები გააერთიანა

რვა რაუნდი დასჭირდა საულ „კანელო“ ალვარესს ბრიტანელი ჯოი სონდერსის დასამარცხებლად და ზესაშუალო წონაში (76 კგ) სამი პრესტიჟული გაერთიანების - WBA (მსოფლიო კრივის ასოციაცია), WBC (მსოფლიო კრივის საბჭო) და WBO (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) მფლობელი გახდა.

პირველი ორის ტიტულს ისედაც ფლობდა, WBO-სას კი ბრიტანელი მეტოქის დამარცხების შემდეგ დაეუფლა. მათ ბრძოლას, რომელიც „დალას კოვბოისის“ AT&T სტედიუმზე ჩატარდა, შეერთებული შტატების პროფესიული კრივის ისტორიაში ყველაზე მეტი, 73 126 მაყურებელი დაესწრო.

მანამდე დაუმარცხებელი სონდერსის კუთხემ მერვე რაუნდის შემდეგ გამოაცხადა, რომ ბრიტანელი ბრძოლას ვერ გააგრძელებდა. შესაბამისად, მექსიკელს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები ოთხ წონაში აქვს მოპოვებული, ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

სონდერსმა ბრძოლის შეწყვეტის მიზეზად, დასიებული მარჯვენა თვალი დაასახელა, რომლიდანაც ვერაფერს ხედავდა. ალვარესმა კი განაცხადა, რომ მეტოქეს ყბის ძვალი გაუტეხა. ასეა თუ ისე, სონდერსი რინგიდან ჰოსპიტალში წაიყვანეს, რათა თვალი და ყბა გაესინჯათ.

აშშ-ში საკრივო შეხვედრის დასწრების წინა რეკორდი 63,350 მაყურებელი დაესწრო და ის 1978 წელს, მუჰამედ ალისა და ლეონ სპინკსის განმეორებით შეხვედრაზე დაფიქსირდა.

30 წლის ალვარესისთვის ეს პროფესიონალურ რინგზე გამართული 59-ე შეხვედრაა, რომელთაგან 56 მოგებული აქვს (38 ნოკაუტით), 1 წააგო (2013 წელს, ფლოიდ მეივეზერთან) და 2 ფრედ დაასრულა. იმ მომენტში, როცა 31 წლის სონდერსმა ბრძოლა შეწყვიტა, მექსიკელი სამივე მსაჯის ბარათზე წინ იყო (78-74, 78-74 და 77-75). ბრიტანლი მოკრივისთვის ეს 31-ე შეხვედრა და პირველი მარცხი იყო. 30 გამარჯვებიდან, მას 14 ნოკაუტით აქვს მოგებული. და მას ალვარესის დონის მოკრივესთან, ადრე საქმე არ ჰქონია.

ამგვარად, ალვარესის ხელში სამი პრესტიჟული გაერთიანების ქამარმა მოიყარა თავი. მეოთხეს - IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ქამარს 28 წლის ამერიკელი ქალებ პლანტი ფლობს, ვისაც 21-ვე ბრძოლა მოგებული აქვს (12 ნოკაუტით). მექსიკელს სურს, რომ მომდევნო ბრძოლაში სწორედ პლანტს დაუპირისპირდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.208768