რაგბი

15:26 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 35:40 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ დიდი 10-ის ზედა ექვსეულის გადადებულ მატჩში, ბოლნისის ‘ყოჩებს’ 40:35 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

ბოლო ტურის წინ კიკეთელები 18 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და ქულით უსწრებენ ‘ყოჩებს’.

„რაგბი პლატოზე“ გამართულ შეხვედრაში 11 ლელო გავიდა. ანგარიში მე-4 წუთზე ‘იუნკერებმა’ გახსნა. მასპინძლებმა ცენტრალური ზონის სიახლოვეს ბურთი დაკარგეს, რასაც ‘იუნკერების’ თანმიმდევრული შეტევა მოყვა და მარჯვენა ფრთაზე ლელო რამაზ ხარაზიშვილმა გაიტანა. ‘ყოჩებმა’ 10 წუთში უპასუხა. მეტოქის 22-ში ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, ის მარცხენა ფრთაზე გიორგი ტყეშელიაძემდე ჩათამაშდა და მისი ლელო ნიკოლოზ რეხვიაშვილმა გარდასახა.

მე-19-ე წუთზე, ‘იუნკერებმა’ მორიგი ხელდახელ შეტევის შემდეგ, მეტოქის დაცვაში სივრცეები გააჩინეს და რამაზ ხარაზიშვილმა სტუმრები ლელო-გარდასახვით კვლავ დააწინაურა. ‘ყოჩებმა’ ისევ 10 წუთში უპასუხა. 5-მეტრიანი შერკინებიდან გამოსული ბურთი გიორგი ბეგაძემ მიიღო, შეუტია და ხაზი სუფთად გაჭრა, რეხვიაშვილმა კი გარდასახა. 35-ე წუთზე სტუმრები ლიდერობა მესამედ დაიბრუნეს – 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ლელოთი ლუკა კობერიძემ დაასრულა და რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა.

და მაინც, ტაიმი ‘ყოჩებმა’ მოიგო. უკვე გაწითლებულ დროზე მათ მოლით დაახლოებით 20 მეტრი ირბინეს, წითელ ზოლში ბურთი თემო სოხაძემ სისწრაფეზე მიიღო და ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, რეხვიაშვილმა კი გარდასახა – 21:19.

მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი გუნდებმა შეტევა ვერ დაალაგეს, მერე ‘იუნკერების’ მოლს გიორგი მჭედლიშვილი მოწყდა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ბურთი მირიან მარგალიტაძეს შეაყოლა, რამაზ ხარაზიშვილმა კი გარდასახა. ამჯერად ‘ყოჩებმა’ ვერ უპასუხა და პირიქით, სამიოდე წუთში რეზი ხარაზიშვილმა მოულოდნელი საჩუქარი შეირგო და ცენტრიდან ლელომდე ირბინა, რამაზმა კი უპირატესობა გარდასახვით გაამყარა.

აქედან 10 წუთში ‘ყოჩებმა’ ისევ უპასუხა. მათ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დაძრეს და ლაშა ფოფხაძის ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა. მაგრამ მალევე მატჩის საუკეთესო მოთამაშე რამაზ ხარაზიშვილმა თავისი მესამე ლელო გაიტანა და მეხუთე გარდასახვა შეასრულა. ის კონტრშეტევას საჭირო ადგილას მიყვა. 78-ე წუთზე ბოლნისელთა მოლი ლელოთი უკვე გიორგი მაზმიშვილმა დაასრულა და მალაღურაძემ გარდასახვით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ‘იუნკერებმა’ ბოლო შეტევა მოიგერია და სტუმრად 40:35 გაიმარჯვა.

rugby.ge

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115475