რაგბი

10:31 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბმა ქართული რაგბის დაფინანსება აღადგინა

საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის, ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა.

რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებისა, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო, მსოფლიო რაგბს 2020 წლის ნოემბრიდან ქართული რაგბის დაფინანსება შეჩერებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა საქმიანი კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული შეხვედრა კი დამაგვირგვინებელი იყო, რომლის შემდეგაც დაფინანსება აღდგა.

„მსოფლიო რაგბი საქართველოს რაგბის კავშირს მაღალი მიღწევებისა და განვითარების გრანტის ფარგლებში სოლიდური თანხით აფინანსებდა, რაც გაურკვევლობის ფონზე და მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამო, შეჩერებული იყო. ახლა ეს დაფინანსება აღდგა. ასევე დაგვიმტკიცდა და გადმოირიცხება თანხა მსოფლიო რაგბის კოვიდ-დახმარების ფონდიდან“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ:

„ეს ჩართვა უპრეცენდენტოდ წარმომადგენლობითი იყო, რომელშიც მსოფლიო რაგბიდან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი, საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დავიდ კერიგი, მაღალი მიღწევების ხელმძღვანელი პიტერ ჰორნი და სხვები. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები, გავუკეთეთ რამდენიმე გვერდიანი პრეზენტაცია, წარვუდგინეთ ფინანსური დოკუმენტები. მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა ჩვენი გეგმებით და შეჩერებული დაფინანსება განახლდა. მათი მხრიდან ითქვა, რომ ქართული რაგბის მართვა საიმენდო და სანდო ხელშია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

რაგბის კავშირის მხრიდან ონლაინ-შეხვედრაში ჩართული იყვნენ პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტები ლაშა ხურციძე, ნიკა ალავიძე და თორნიკე გოგებაშვილი, ასევე მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნიჟარაძე.

ონლაინ-შეხვედრას წინ უძღოდა რამდენიმე საქმიანი საუბარი კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ნიკა ალავიძემ მათ წარუდგინა ფინანსური დოკუმენტაცია და აუდიტის დასკვნა, რითაც მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა:

„დაახლოებით ერთწლიანი უნებური პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი ოფიციალური საუბარი ჩვენსა და მსოფლიო რაგბს შორის. მათ ჰქონდათ ბევრი არასწორი ინფორმაცია ჩვენთან რაგბის კავშირში არსებულ სიტუაციაზე, რაც პირდაპირ მოქმედებდა ქართული რაგბის რეპუტაციაზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ფინანსური კუთხით, ვისაუბრეთ დაგეგმილ კალენდარზე და კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებზე. საუბრის შედეგად მსოფლიო რაგბმა აღგვიდგინა შეჩერებული დაფინანსება, რაც ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ია“.

„იოსებ ტყემალაძემ ალან გილპინს გააცნო უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურება, განსაკუთრებით, გამგეობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. მსოფლიო რაგბმა აღნიშნა, რომ ამდენი სამუშაო შეხვედრა ბოლო ოთხ წელიწადში ერთად აღებული არ ყოფილა. ჩვენმა პრეზიდენტმა ბატონი ალანი საქართველოში დაპატიჟა. ის თავადაც დაინტერესებულია ჩვენთან ვიზიტით, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება“.

rugby.ge

0.110836