„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომასთან“ წააგო (2:3), მაგრამ ორი მატჩის ჯამში 8:5 იმარჯვა და 2017 წლის შემდეგ ფინალში ისევ გავიდა.
თამაშის შემდეგ კომენტარი ოლე გუნარ სულშერმა გააკეთა, რომელმაც გუნდის არაერთხელ გადამრჩენელი დავიდ დე ხეას გარჯას გაუსვა ხაზი.
სულშერმა კომენტარი იმ გიჟურ კალენდარზეც გააკეთა, რომელიც „მანჩესტერს“ აქვს და 9-13 მაისს სამ თამაშს გამართავს.
„ფინალში გასვლა სასიამოვნოა. „ოლდ ტრაფორდზე“ ერთი ძალიან კარგი ტაიმი ჩავატარეთ, რაც დაგვეხმარა. თუმცა, ამ წაგებით იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით იმის გამო, როგორც ვითამაშეთ მეორე ტაიმში. ანგარიში მარტივად შეიძლებოდა ყოფილიყო - 8:6, უცნაური თამაში იყო. ბურთი მეტოქეს უბრალოდ მივეცით. საბედნიეროდ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვყავს. ახლა ფინალში ვართ და 26 მაისს ველით.
ჩვენი კალენდარი? ეს გაუგონარია. გააკეთეს ადამიანებმა, რომლებსაც ამ დონეზე ფეხბურთი არასდროს უთამაშიათ. ეს ფეხბურთელებისთვის ფიზიკურად შეუძლებელია“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ 9 მაისს „ასტონ ვილას“, 11 მაისს „ლესტერს“ და 13 მაისს „ლივერპულს“ შეხვდება. ასეთ მჭიდრო კალენდართან დაკავშირებით ისიც უნდა ვთქვათ, რომ „რომასთან“ მატჩი გუშინ გაიმართა და გამოდის, რომ „წითელ ეშმაკებს“ ერთ კვირაში 4 თამაშის ჩატარება უწევთ.