კალათბურთი

11:29 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავმა თსუ ბოლო პერიოდში გატეხა და სერიაში დაწინაურდა

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, მეოთხედფინალური სერიის ყველაზე არათანაბარი წყვილი “რუსთავი”-თსუ-ა. ქვემოქართლელებმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგეს, თსუ კი პლეი ოფში მე-8 ადგილიდან, დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა. ცხრილში დაკავებულ ადგილებს რომ თავი დავანებოთ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ამ გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა კიდევ უფრო დააშორიშორა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თსუ-ს რამდენიმე წევრმა კორონავირუსი გადაიტანა, გუნდი სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და პლეი ოფისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა. ამას დაერთო გუნდის ლეგიონერისა და ერთ-ერთი ლიდერის, ქუენტინ დავის ტრავმა, ხოლო რუსთავთან მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩის წინა დღეს არჩილ პულუზაშვილმა ვარჯიშზე ფეხი ამოიბრუნა და თსუ ფაქტობრივად მეფარის გარეშე დარჩა.

მწვრთნელი იძულებული გახდა, ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში სრულიად გამოუცდელი, 17 წლის გიორგი მესხი დაეყენებინა, რომელიც მიმდინარე სუპერლიგაში აქამდე მხოლოდ 3 მატჩში, ისიც სიმბოლური დროით გამოჩნდა. თსუ-ს ფაქტობრივად მეფარე არ ჰყავდა და გუნდის ტაქტიკა შორი სროლებისა და სწრაფი გარღვევების განხორციელება გახლდათ, რაც 3 პერიოდის განმავლობაში ჭრიდა და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობდა.

უნივერსიტეტელებმა პირველი პერიოდი 29:20 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი რუსთაველებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. მესამე პერიოდში თსუ-ს მოთამაშეებმა, ძირითადად ბრენდონ სლაიმ და რიჩარდ ქალდველმა სამქულიანი სროლები ჩააგდეს და თსუ კვლავ 9 ქულით დაწინაურდა, მაგრამ – დროებით. რუსთაველთა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ დაცვის გამაგრება და საბრძოლო სარბიელად ფარქვეშეთის გადაქცევა განიზრახა. ამან გაჭრა და თსუ-ს ლიდერობა მალევე გაილია. რუსთაველებმა მეტოქე პერიმეტრზე მაქსიმალურად შეავიწროვეს, ხოლო ფარქვეშ სრული დომინაცია დაამყარა დევიდ ოკეკემ და გეგი ბაქრაძემ, რომლებსაც ზურგს ჯილან ვაშინგტონიც უმაგრებდა. თსუ-მ მესამე პერიოდის ბოლო წამებზე ლიდერობა დაკარგა და ბოლო პერიოდში მოედანზე მხოლოდ ერთი, ქვემოქართლური გუნდი დომინირებდა.

რუსთაველებმა საბოლოოდ დაიპყრეს თსუ-ს ფარქვეშეთი, რითაც მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და დარჩენილ დროში ლიდერობას განუხრელად ზრდიდნენ. საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 97:77 (სტატისტიკა) დაამარცხეს თსუ და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი მაიკ დევისმა დააფიქსირა – 23 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი. დევიდ ოკეკემ 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე 17 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ს ორმა ლეგიონერმა ულიდერა: ბრენდონ სლაიმ 23 ქულა მიითვალა, რიჩარდ ქალდველის ანგარიშზე კი 21 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. მიხეილ ჭოჭუამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 15:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117576