ფეხბურთი

22:28 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას ახალი ჩემპიონი ჰყავს, რონალდუმ კი "იუვენტუსი" გადაარჩინა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის შემდეგ ახალი ჩემპიონი ჰყავს და ეს პირველად მოხდა 2012 წლის შემდეგ. დიახ, „იუვენტუსის“ 9-წლიანი მეფობა წარსულის მონაგარია და ახლა იტალიის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მინიმუმ 1 წელი მილანის „ინტერი“ ისარგებლებს.

„ინტერმა“ ამ ტურის მატჩი ჯერ კიდევ შაბათს „კროტონესთან“ (2:0) მოიგო და ჩემპიონობა მას მერე გაოფიციალურდა, რაც „ატალანტამ“ „სასუოლოს“ ვერ აჯობა. ჯან პიერო გასპერინის გუნდი თავიდანვე პიერლუიჯი გოლინის გაძევების შემდეგ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ტაიმი რობინ გოსენსის გოლით მაინც მოიგო. მეორე ტაიმში კი „სასუოლომ“ დომენიკო ბერარდის გოლით გაათანაბრა, რასაც მანუელ ლოკატელის გაუქმებული გოლი მოჰყვა, ბოლოს კი ლუის მურიელს პენალტით შეეძლო „ატალანტასთვის“ სამი ქულის მოტანა, რაც „ინტერის“ ჩემპიონობას დროებით გადაწევდა, მაგრამ კოლუმბიელმა ვერ გაიტანა და მატჩი 1:1 დასრულდა. „ატალანტამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რადგან „მილანი“ და „იუვენტუსი“ გაუთანაბრდნენ.

„ინტერი“ უკვე მიუწვდომელია და რა გასაკვირია, რომ ნანატრი ჩემპიონობის მერე ტიფოზები დუომოსთან შეიკრიბნენ და საყვარელი გუნდის მე-19 სკუდეტო იზეიმეს. „ინტერი“ 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი, 2011 წლის მერე კი პირველი ტიტული მოიგო და 10-წლიანი მშრალი პერიოდი, ისევე როგორც „იუვენტუსის“ ჰეგემონია ანტონიო კონტემ დაასრულა. იტალიელმა სპეციალისტმა კარიერაში მეოთხედ მოიგო სკუდეტო და წინა სამი ტიტული „იუვენტუსში“, რომლის საჩემპიონო სერია 3282 დღე გრძელებოდა. მოკლედ, „ინტერი“ იტალიის ჩემპიონია და სერია A-ში ახალი ეტაპი დაიწყო.

„იუვენტუსს“ ახლა სხვა მიზანი აქვს და ეს ოთხეულში მოხვედრაა. ანდრეა პირლოს გუნდი საშინელ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან ახლოს იყო მორიგი მარცხი განეცადა, ამჯერად „უდინეზესთან“. „იუვე“ მე-10 წუთზე ჩამორჩა და ხიფათსაც ვერსაიდან ქმნიდა, მაგრამ ამ გუნდს ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც თამაში მოატრიალა. მან ჯარიმა შეასრულა 83-ე წუთზე, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ როდრიგო დე პაულს ხელზე მოხვდა და პენალტი სამართლიანად დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელმა გოლად აქცია - 1:1. ფრე ტურინელებს ვერაფერს აძლევდა, მაგრამ ბოლო წუთზე რონალდუმ დუბლი შეასრულა და „იუვენტუსს“ საციცოცხლო გამარჯვება მოუტანა. „იუვე“ „ატალანტასთან“ და „მილანთან“ ერთად 69 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს! ძალიან დაძაბული ბრძოლაა და მომდევნო ტურში, ზუსტად ერთ კვირაში ტურინში „მილანს“ დაუპირისპირდება! აფიშა ძალიან მყვირალა და საინტერესოა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის „ნაპოლიც“ იბრძვის, რომელმაც შინ „კალიარისთან“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი, ფრეს დასჯერდა (1:1) და კონკურენტებს 2 ქულით ჩამორჩა, მაგრამ ჯენარო გატუზოს გუნდი აგრძელებს ბრძოლას ოთხეულისთვის. დარჩენილ ოთხ ტურში საჩემპიონო ინტრიგა აღარ არსებობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ისეთი ვითარებაა, უკეთესის ნატვრა ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა.

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:0)

უდინე, „დაჩია არენა“

„უდინეზე“ (3-5-1-1): სკუფეტი; ბეკაო, ბონიფაცი (სამირი 84), ნიუტნიკი (ოუვეა 90); მოლინა, დე პაული, უოლასი, არსლანი 9ფორესტიერი 72), ლარსენი; პერეირა, ოკაკა ჩუკა

მწვრთნელი: ლუკა გოტი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; კუადრადო (კორეია 85), ბენტანკური, მაკკენი (რაბიო 84), ბერნარდესკი (კულუშევსკი 59); დიბალა (მორატა 66), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 მოლინა (10), 1:1 რონალდუ (83, პენ), 1:2 რონალდუ (90)

გაფრთხილება: არსლანი (44), პერეირა (55), დე პაული (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 13 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელე ჩიფი

„ლაციო“ – „ჯენოა“ 4:3 (2:0)

გოლები: 1:0 კორეა (30), 2:0 იმობილე (43, პენ), 2:1 მარუშიჩი (47, ა.გ), 3:1 ლუის ალბერტო (48), 4:1 კორეა (56), 4:2 სკამაკა (80, პენ), 4:3 შომუროდოვი (81)

„ბოლონია“ – „ფიორენტინა“ 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (21, პენ), 1:1 პალასიო (31), 1:2 ბონავენტურა (64), 2:2 პალასიო (71), 2:3 ვლაჰოვიჩი (74), 3:3 პალასიო (84)

„ნაპოლი“ – „კალიარი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოსიმენი (13), 1:1 ნანდესი (90)

„სასუოლო“ – „ატალანტა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 გოსენსი (32), 1:1 ბერარდი (52, პენ)

0.17128