ფეხბურთი

19:20 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" იტალიის ჩემპიონია და "იუვენტუსის" 9-წლიანი მეფობა წარსულს ჩაბარდა

ბერგამოს „ატალანტამ“ სერია A-ს 34-ე ტურში „სასუოლოსთან“ ვერ მოუგო და მილანის „ინტერის“ ჩემპიონობა გაოფიციალურდა. ანტონიო კონტეს გუნდმა ამ ტურში ჯერ კიდევ შაბათს ითამაშა, „კროტონეს“ 2:0 აჯობა და ერთადერთი ფორმალური მდევრის თამაშზე იყო კონცენტრირებული.

ლუის მურიელს „სასუოლოსთან“ 77-ე წუთზე პენალტი რომ გაეტანა, ალბათ, ბერგამოელები მოიგებდნენ და „ნერაძურის“ ჩემპიონობა ერთი კვირით გადაიწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა და „ატალანტას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

შედეგად, „ინტერი“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 13 ქულითაა წინ და ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილება. მილანური გრანდი მე-19-ედ გახდა იტალიის ჩემპიონი და „მილანს“ გადაასწრო, რომლის ანგარიშზე 18 სკუდეტოა. რეკორდსმენი რა თქმა უნდა, იუვენტუსია, რომელიც ზედიზედ 9-ჯერ და ჯამში 36-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

„იუვენტუსის“ მეფობა იტალიაში 9 წელი, 108 თვე, 472 კვირა და 3282 დღე გრძელდებოდა, მაგრამ ახლა იტალიის მოქმედი ჩემპიონი უკვე „ინტერია“, რომლის ტრიუმფში ანტონიო კონტეს დიდი წვლილია. ადამიანის, რომელმაც 9 წლის წინ „იუვენტუსი“ სამეფო ტახტზე აიყვანა და მისი უძლეველი ციკლის ფუძემდებელი გახდა, მაგრამ თითქმის ათეული წლის მერე მანვე დაასრულა.

„ინტერმა“ სკუდეტო 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო ზოგადად, ტიტული 2011 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა, როდესაც იტალიის თასი ჰქონდა მოგებული. ასე რომ, მილანელთა ეს ძალიან წარუმატებელი და ნულოვანი ათწლეული უკვე წარსულია - „ინტერი“ იტალიის ჩემპიონია.

0.134749