ფეხბურთი

15:08 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ და ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"
"რუსეთის ნაკრები? მე ქართველი ვარ და მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ"

ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ sport.business-gazeta-ს ძალიან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყველაფერზე ისუაბრა. მისი განცხადებით, ამჟამად არ ფიქრობს სავარაუდო ტრანსფერზე და მის შესახებ ბევრ საუბარს, ყურადღებას არ აქცევს.

როგორც ხვიჩამ განაცხადა, ახლა მხოლოდ თამაშზეა ორიენტირებული და სხვა საკითხებზე არ ფიქრობს. კვარაცხელიას ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ოცნებას რომელიც კლუბის მაისურით აიხდენს.

- ხვიჩა თბილისში დაიბადეთ, მაგრამ მთელი ბავშვობა სამეგრელოში გაატარეთ. გვიამბეთ საქართველოს ამ კუთხის შესახებ და რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- ეს არის ჩემი სამშობლო. ყოველთვის, როცა საქართველოში ვარ, ვცდილობ იქ წასვლას. ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ვურჩევ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ეწვევა. რელიეფი რეგიონში ძალიან განსხვავებულია, მთებიც, ვაკეებიც. მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ბევრს მუშაობენ, ცდილობენ რაიმეს მოყვანას, მეურნეობა აქვთ.

- მეგრელი ხარ, არა?

- დიახ, ამას აღნიშნავს ჩემი გვარის დაბოლოებაც. მეგრელებს მცირე განსხვავება აქვთ საქართველოს დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, სამზარეულოც. გვაქვს ელარჯის საფირმო კერძი. სამეგრელო ულამაზესი ადგილია, ყველას ვურჩევ მონახულონ. საერთოდ, საქართველოში თითოეული რეგიონი თავისებურად ლამაზია. ტურისტები, როდესაც საქართველოში ჩამოდიან, ცდილობენ ყველა ადგილი მონახულონ, რადგან ძალიან რთულია რომელიმეს ამორჩევა.

- პირველი საფეხბურთო ნაბიჯები თბილისში გადადგით?

- ხუთი წლის ასაკში დავიწყე თამაში ეზოში. დილით ადრე გავდიოდი სახლიდან და გვიან საღამოს ვბრუნდებოდი. 8 წლის ასაკიდან ბავშვთა გუნდ „ავაზაში“ დავიწყე, ხოლო 11 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავედი.

- სახიფათო არ იყო ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან გუნდში გადასვლა?

- განსაკუთრებული შეშფოთება არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ „დინამო“ დიდი გუნდი იყო, მაგრამ იქ გადასვლა მხოლოდ სასიხარულო მოვლენა გახლდათ.

- ბავშვობაში ფეხბურთს მოზრდილებთან თამაშობდით?

- კი, მაგრამ ეს არ იყო პროფესიონალური თამაში. ყველაფერი ეზოს დონეზე ხდებოდა. თუმცა, ბიჭები კარგად თამაშობდნენ, ზოგი მათგანი 20 წლისა იყო. ეს ჩემთვის კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება გახლდათ.

- უფროსები ფეხებში არ გირტყამდნენ? ალბათ ხშირად ატყუებდით...

- ცოტა კი (იცინის), მტკიოდა, მაგრამ დიდად არა.

- სლუცკიმ თქვა, რომ პირველ ვარჯიშზე დაცემის შემდეგ დაიწყო მოთამაშეთა დაჯარიმება, რომლებიც სამედიცინო დახმარებას ითხოვდნენ და ამის შემდეგ თქვენც ეს შეწყვიტეთ...

- პირველი ვარჯიშის შემდეგ არ დავჯარიმებულვარ, ახლა - დიახ, ასეთი პრაქტიკა არსებობს. როგორც კი მტკივნეული კონტაქტი ხდება, მაშინვე ფეხზე ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებ. თუ არ მოგკლავენ, უნდა ადგე...

- ბავშვობაში როგორ მოედნებზე თამაშობდით?

- ასფალტის მოედანი გვქონდა. შემდეგ კარგი ხელოვნური საფარი დააგეს, მაგრამ როდესაც იქ უფროსები თამაშობდნენ, ყოველთვის არ გვეძლეოდა იქ თამაშის უფლება და მაინც ასფალტზე გვიწევდა თამაში, ამის გამო მუხლი მუდამ გადატყავებული მქონდა.

- ზამთარში რას თამაშობდით?

- ფეხბურთსაც ვთამაშობდით, თოვლი, წვიმა - არანაირი განსხვავებაა. თუმცა საქართველოში თოვლი გაცილებით იშვიათადაა, ვიდრე რუსეთში.

- თქვენ „დინამოს“ პირველ გუნდში 15-16 წლის ასაკში მოხვდით. როგორ ჩაიარა პირველმა ვარჯიშებმა?

- თავიდან ძნელი იყო. 15 წლის ასაკში მოზრდილებთან თამაში ძალიან დიდი ტვირთია. მაგრამ მე ყველაფერს მიჩვეული ვარ, რადგან უნდა შეძლო თუ მაღალ დონეზე თამაში გინდა.

- კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია, ზურიკო დავითაშვილი, რომელთანაც „რუბინში“ თამაშობდით. როგორ გახდით საქართველოში მეგობრები?

- 11 წლიდან ერთად ვართ. პატარაობიდან სულ გვერდიგვერდ ვთამაშობდით, მას მოედანზეც კარგად ვუგებ, კარგად ვგრძონ მის მოქმედებებს მინდორზე: სად გააკეთებს პასს და რომელ ადგილზე გაიხსნება. ვფიქრობ, მას აქვს უნარი, რომ დიდ კლუბში ითამაშოს.

- საბჭოთა პერიოდში „დინამო“ სუპერკლუბად ითვლებოდა, წარმატებით თამაშობდა ევროტურნირებზე. როგორია ახლა ეს გუნდი „რუბინთან“ შედარებით?

- „რუბინის“ ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია, ვიდრე თბილისში. საკმარისი მოედნები არ არის, მაგრამ ამავე დროს „დინამოს“ კარგი ბაზა აქვს, საქართველოში მხოლოდ 3-4 გუნდია მსგავსი პირობებით და კარგი სტადიონებით.

- „რუბინმა“ საქართველოს ჩემპიონთან რომ ითამაშოს, როგორ დასრულდება ეს თამაში?

- „რუბინი“ გამარჯვებს, მაგრამ საქართველოშიც კარგი გუნდები არიან. მაგალითად, თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპა ლიგიდან გააგდო. საქართველოში ძალიან ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატისთვის კარგია. ახლა უკეთესი ვითარებაა, არის პროგრესი და განვითარება, შენდება ბაზებიც და სტადიონებიც.

- რუსეთის უფრო ტაქტიკური და დაცვითი ფეხბურთია. როგორია საქართველოში?

- ნამდვილად „რუბინში“ და ზოგადად, რუსეთში ტაქტიკა სხვაგვარია, თავდაცვაზე უფრო მეტს ფიქრობენ. საქართველოშიც დაცვაში თამაშს ყურადღება ექცევა, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართული მენტალიტეტი თავისთავად მოქმედებს და ფეხბურთელები თამაშს საკუთარ თავზე იღებენ. ინდივიდუალური მოქმედებები არის, ამის წართმევა შეუძლებელია.

- ტაქტიკის თვალსაზრისით ძნელი იყო რუსეთში ჩამოსვლისას რეორგანიზაცია?

- ადვილი იყო, რადგან „ლოკომოტივის“ მწვრთნელი იური სიომინი გახლდათ. ვესაუბრე მას და მაშინვე მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ვვარჯიშობდი, ვაკვირდებოდი „ლოკომოტივის“ სხვა მოთამაშეებს და საბოლოოდ ვისწავლე.

- „დინამოს“ შემდეგ „რუსთავში“ თამაშობდით. რატომ გადაწყვიტეთ გრანდიდან უფრო დაბალი დონის გუნდში გადასვლა?

- ჩემმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა ეს გუნდი. მითხრეს, რომ მეტი პერსპექტივა იყო იმ დროისთვის და მეტი სათამაშო დრო. ჩემთვის მაშინ თამაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. გადავწყვიტე, რომ იქ თამაში სჯობდა „დინამოში“ ვარჯიშს.

- როგორია რუსთავი?

- ეს არის პატარა ქალაქი, თბილისიდან 40 წუთის სავალზე.

- და, როგორი იყო დიდი ქალაქიდან იქ გადასვლა?

- თბილისში ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით, რადგან იმ დროს რუსთავში სტადიონი კეთდებოდა. გულშემატკივრები მაინც დადიოდნენ, პრობლემა არ იყო.

- როგორაა საქართველოში გულშემატკივრობის საქმე?

- ბევრი გულშემატკივარი არ დადის, მაგრამ არის გუნდები, რომელთა თამაშებს მასიურად ესწრებიან. „დინამო თბილისს“ ძალიან კარგი ქომაგები ჰყავს, ისევე როგორც ქუთაისის „ტორპედოს“.

- მამათქვენი, ბადრი კვარაცხელია, თქვენი პირველი მწვრთნელი იყო?

- რა თქმა უნდა, მაგრამ არასდროს მაიძულებდა ავარჯიშს. არასდროს მიშვებდა ძალით მოედანზე, ეს ყოველთვის მხოლოდ ჩემი პირადი სურვილი იყო. მამაჩემმა კარიერის განმავლობაში ბევრი გოლ გაიტანა აზერბაიჯანის ჩემპიონატში და აზერბაიჯანის ნაკრებშიც კი თამაშობდა.

- მას ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. გახსოვთ ამის შესახებ?

- არა, არაფერი მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ გვაქვს მისი მატჩების ჩანაწერები და ნაყურები მაქვს. როცა პატარა ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ მესი და რონალდუ საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ მე მეგონა, რომ მამა მათზე უკეთ თამაშობდა.

- რატომ გამოიძახეს მამა აზერბაიჯანის ნაკრებში?

- ჩემთვის რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ ამ თემას არ ვეხებით, საერთოდ არ გვისაუბრია. მამაჩემმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში დიდი დრო გაატარა. ვფიქრობს, ეს მისი პირადი არჩევანი იყო. არც კი ვიცი, საქართველოში რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე.

- ახლა საქართველოში ცხოვრობს, რას საქმიანობს?

- ორიოდე წლის წინ მწვრთნელობა ჩემი თხოვნით დაასრულა. ეს ნაწილობრივ ჯანმრთელობის პრობლემებით იყო განპირობებული. უკეთესია, სახლში თუ იქნება და ჩემს თამაშს უყურებს.

- სლუცკის მოსვლის შემდეგ „რუბინი“ თითქმის ყველა ქართველმა დატოვა. მათ შორის, ზურიკოც წავიდა. მოწყენილი ხართ მარტო?

- თავიდან ზურიკო იყო, მაგრამ როდესაც წავიდა, დიახ, მარტო დავრჩი. ამიტომ, რუსულად ახლა უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ადრე. მანამდე გვყავდა ნიკა ყიფიანი, რომელსაც თარჯიმნობა შეეძლო.

- საქართველოში რუსულ ენას ასწავლიან?

- მესამე კლასის შემდეგ ყველა სწავლობს ინგლისურ და რუსულ ენას.

- ანუ, კარგად არ სწავლობდით?

- არა, არა, გულმოდგინედ ვსწავლობდი, მეცხრე კლასამდე. მაგრამ ამის შემდეგ მთავარ გუნდთან დილიდან ვვარჯიშობდი და სკოლაში საერთოდ ვერ დავდიოდი. დღესდღეობით საქართველოში თინეიჯერები რუსულს საერთოდ არ სწავლობენ, ყველამ იცის ინგლისური, მაგრამ უფროსი თაობა რუსულად კარგად საუბრობს.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში რუსეთისადმი?

- პოლიტიკური კითხვაა, არ მსურს, ამაზე კომენტარის გაკეთება.

- საინტერესოა თქვენი აზრი ყაზანისა და თათრეთის შესახებ. არსებობს სხვაობა დანარჩენი რუსეთისგან?

- არ მქონია შესაძლებლობა რეგიონის რაიმე თავისებურებები გამეგო. მიუხედავად იმისა, რომ დროის უმეტეს ნაწილს ბაზაზე ვატარებ, შემიძლია ვთქვა, რომ „ჩაკ-ჩაკი“ ძალიან გემრიელია.

- „რუბინში“ როცა გადახვედი, იცოდი სად მიდიოდი?

- გუნდს ვიცნობდი, აქ უამრავი ქართველი თამაშობდა. გადასვლამდე ვისაუბრე ნუკრი რევიშვილთან, ლაშა სალუქვაძესთან და დავით კვირკველიასთან.

- იმ დროს 18 წლის იყავით. როგორ დაუკავშირდით ლაშა სალუქვაძეს?

- „დინამო თბილისში“ ერთად ვიყავით, მე კარიერას ვიწყებდი და ის ასრულებდა. ერთად ვვარჯიშობდით.

- რა თქვეს სალუქვაძემ და სხვებმა ყაზანის შესახებ?

- თქვეს, რომ კარგი გუნდია, ლამაზი ქალაქია და აქ ყველაფერია. თუმცა, ჩემთვის, მთავარი მხოლოდ ფეხბურთი იყო.

- იმ დროს „ლოკომოტივში“ თქვენი თანაგუნდელი სოლომონ კვირკველიაც გეტყოდათ რამეს...

- დიახ, რა თქმა უნდა. მან იცოდა, რო ყაზანიდან ვარიანტი მქონდა. „რუბინში“ მისი წარსულის მიუხედავად, მაინც მითხრა, რომ კარგი გუნდი იყო და ჩემთვის კარგი იქნებოდა.

- ურთიერთობა აქვთ ქართველ ფეხბურთელებს?

- ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ. მაგალითად, ზურიკოს მშობლებს და ჩემს მშობლებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ზურიკოს მამა ასევე ფეხბურთელი იყო, ძალიან კარგი ბომბარდირი. სხვათა შორის, ის მწვრთნელი იყო, როდესაც „დინამო თბილისის“ აკადემიაში ვიყავით.

- ვინ არის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი საქართველოს ისტორიაში?

- ვფიქრობ, კახა კალაძე. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემტევი მოთამაშეებიდან გიორგი ქინქლაძე. მას მესის მსგავსი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთის მოგებაც შეეძლო. მესამეს დასახელება ძნელია, ბევრი ძლიერი ფეხბურთელი იყო - ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია, ყველას ვერ ჩამოვთვლი.

- ვინ არის შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი?

- გიორგი ქინქლაძის თამაში მომწონდა, მაგრამ ყველაზე წარმატებული კალაძე იყო. ისინი ძალიან მომწონდა. ჩემი ასაკის გამო ქინქლაძის თამაშები პირდაპირ არ მახსოვს, ახლა ვიდეოებით ვუყურებ. ძალიან ნიჭიერი იყო. საქართველოში ყველა ამბობს, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

- მან „რუბინშიც“ ითამაშა, თუმცა ძალიან ცოტა და არც ისე კარგად. პირადად იცნობთ?

- დიახ, გავიცანი. მათი თაობა სულ იმეორებს, რომ პროფესიონალი უნდა იყო და ფეხბურთისთვის ყველაფერი გააკეთო.

- კვლაც აგრძელებთ „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრებას?

- დიახ, რა თქმა უნდა. ჯობია ბაზაზე ვიცხოვრო, რადგან ასე უფრო პროფესიონალად ვგრძნობ თავს. სახლი რომ ვიქირავო, ამას დროც სჭირდება.

- მაგრამ, ზოგჯერ ფეხბურთისგან უნდა დაისვენოთ...

- მეგობრებთან ერთად შემიძლია ჰოკეიზე ან კალათბურთზე სიარული. მეგობრებში თანაგუნდელებს ვგულისხმობ, ყაზანში გუნდს მიღმა არავინ მყავს, ვისთანაც განსაკუთრებული კომუნიკაცია მაქვს.

- ოდესმე ჰოკეის თამაშზე ყოფილიხართ?

- ერთხელ, „აკ ბარსის“ მატჩზე წავედი. შაიბას ვერ ვხედავდი და პირველი პერიოდის შემდეგ წამოვედი (იცინის). იმ დროისთვის ყაზანელები 3:0-ს იგებდნენ და თამაში საინტერესო აღარ იყო. თუმცა, გუნდში ბევრს უყვარს ჰოკეი და ბიჭები სულ დადიან.

- ჰოკეის პირველად აქ უყურეთ?

- დიახ, საქართველოში საერთოდ არ არის.

- „უნიქსის“ თამაშებზე დადიხართ?

- ძალიან მინდა ევროპის თასის ფინალზე წასვლა, მაგრამ ხშირად ხდება, რომ თამაშები პარალელურად გვაქვს. ამიტომ ვერ ვახერხებ.

- საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია?

- დიახ, რა თქმა უნდა. არის რაგბიც და კალათბურთიც, ასევე ჩობურთიც, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევენ.

- როგორ ატარებთ საქართველოში შვებულებას?

- მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. ბოლოს გოგირდის წყლებზე წავედით. ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქვს. ზღვა გინდა? - ბათუმია. შეიძლება, ოდესმე დავიწყო დასასვენებლად სხვა ქვეყნებში წასვლა, მაგრამ ახლა საქართველო მირჩევნია. კორონავირუსის გამო ჩემს ოჯახში ცოტა დრო გავატარე და ამიტომ, ჯობია საქართველოში ოჯახთან ერთად დავისვენო, ვიდრე სადმე გავფრინდე.

- ბოლოს როდის ჩამოვიდნენ თქვენი ოჯახის წევრები ყაზანში?

- კარანტინამდე. ახალ ისინი სახლში არიან, რადგან კორონავირუსის დროს ასე უკეთესია.

- კორონავირუსი გქონდათ...

- დიახ, მაშინ საქართველოში ვიყავი. ვიჯექი კომპიუტერთან და ვთამაშობდი, სულ ეს იყო. ორი დღის განნმავლობაში მქონდა 37.2 და 37.4 ტემპერატურა. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, არავითარი თავისებურებები ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე დამემართა და იძულებული გავხდი თამაში გამომეტოვებინა.

- გუნდს ალბათ ყველაზე მეტი აკლდით...

- არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ეს ძალიან აწუხებდათ. თავს ცუდად ვგრძნობდი, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქამდე არასდროს გვქონია და არ ვიცი კიდევ როდის გვექნება.

- საქართველოში უკვე ვარსკვლავი ხართ?

- არა!

- მაგრამ, თქვენ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...

- რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. აღიარება შესანიშნავია, თუმცა, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ქუჩაში, ცხადია მცნობენ, იღებენ სურათებს, ავტოგრაფებს მთხოვენ, ბევრმა „რუბინის“ მატჩების ყურებაც დაიწყო.

- ადრე ამბობდნენ, რომ ბადრი კვარაცხელიას შვილი ხართ დ ახლა მას ეუბნებიან, რომ ხვიჩას მამაა?

- (იცინის) რა სიმაღლეებსაც არ უნდა მივაღწიო, მაინც მამაჩემის შვილი ვიქნები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ კარიერაში ვაჯობო.

- ქართველები კარგად მღერიან. თქვენ?

- რა თქმა უნდა, სიმღერა მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კარგად შემიძლია. მომწონს რეპი.

- საკმაოდ მოულოდნელად აღმოჩნდით „რუბინში“...

- აგენტთან ერთად გადავწყვიტეთ. განვიხილეთ ეს საკითხი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ „რუბინი“ ძლიერი გუნდი იყო. მე ვესაუბრე ყოფილ ფეხბურთელებს, შევაგროვე ინფორმაცია და საბოლოოდ, გადაწყვეტილება აგენტთან ერთად მივიღე.

- „ლოკომოტივში“ მხოლოდ 6 თვე გაატარე, მაგრამ სიომინთან იმუშავე. რა მოგცა ამ გამოცდილებამ?

- ჯერ კიდევ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მისგან ბევრი ვისწავლე. არამხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც. ძნელია გამოყო კონკრეტული რაღაც. თუ ფეხბურთზე ვისაუბრებ, სიომინმა ბევრი რამ მომცა გუნდური თამაშის გაგებაში.

- ახლა სლუცკია მწვრთნელი. მისი გუნდში მოსვლისთანავე გახდით გუნდის ლიდერი. შეიძლება ითქვას, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია?

- რა თქმა უნდა, გუნდში მისი მოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. რომან შარონოვის დროს ბევრს არ ვთამაშობდი, რადგან ის თვლიდა, რომ ძირითადში სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ეს ხდება, ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. სლუცკი მოვიდა, შანსი მომცა და ვფიქრობ, ეს სრულად გამოვიყენე. რა თქმა უნდა, უკმაყოფილი ვიყავი იმით, რაც სლუცკიმდე იყო, ყველა ფეხბურთელს თუ თამაში, მაგრამ 100%-ით ვვარჯიშობდი, უთამაშებლობას ყურადღებას არ ვაქცევდი. სლუცკიმ ეს მაშინვე დაინახა და დამიფასა.

- შარონოვთან ისაუბრეთ სათამაშო დროის სიმცირეზე?

- სეზონის დასაწყისში ვთამაშობდი, მაგრამ თვენახევრის შემდეგ სკამზე აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, მწვრთნელს ვკითხე, რატომ... მეორედ ეს აღარ მიკითხავს, ამ დიალოგიდან კონკრეტული არაფერი მახსოვს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მადლობელი ვარ შარონოვის, მან ჩემში ბრძოლის უნარი გააძლიერა, უფრო მეტად მუშაობის. ამისთვის მას მადლობა უნდა ვუთხრა.

- ამბობენ, შარონოვს ფეხბურთელებთან სლუცკისგან განსხვავებით ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა...

- სლუცკის ყველა ფეხბურთელთან შესანიშნავი, მეგობრული ურთიერთობა აქვს. მაგრამ შარონოვზე ვერ ვიტყვი, რომ შორს იყო გუნდისგან და მასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ გვაძლევდა. საკმაოდ მეგობრულიც იყო.

- წარმოვიდგინოთ სიტუაცია: სლუცკი გახდა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი და მიგიწვიათ სათამაშოდ: რას უპასუხებდით?

- მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშებ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი მშობლიური ქვეყანაა. რაიან გიგზი თამაშობდა უელსის ნაკრებში და ვერსად გავიდნენ, შემდეგ კი გარეთ ბეილი გამოჩნდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას თავისი გზა აქვს.

- სლუცკის ძალიან ინტენსიური ვარჯიშები აქვს. რთული იყო დატვირთების მხრივ მის მოთხოვნებთან ადაპტაცია?

- „ლოკომოტივში“ როცა მივედი, მაღალი დატვირთვის სიმძიმე ვიგრძენი, მაგრამ „რუბინში“ აღარ იყო საჭირო ამასთან შეგუება, რადგან ვფიქრობ, რომ ფიზიკურად მზად ვიყავი. ამავე დროს არ ვიტყოდი, რომ სლუცკის ვარჯიშები გაცილებით რთულა, ვიდრე შარონოვის. არსებობს დეტალებში განსხვავება, მაგალითად შარონოვის უფრო ტაქტიკას ეთმობოდა, ხოლო სლუცკის დროს - ბურთს.

- სანამ „რუბინში“ მოვიდოდა, გსმენიათ სლუცკის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი მისი კარიერის შესახებ, რომ „ჰალსა“ და „ვიტესში“ მუშაობდა. მახსოვდა ცსკა-დანაც, რადგან მე PES-ს ვთამაშობდი ბავშვობაში და იქ იყო.

- ვისთან იყო ინდივიდუალურად ყველაზე რთული თამაში რუსეთში?

- „ხიმკისთან“ რთული იყო, რადგან დაცვაში ძალიან ორგანიზებულად თამაშობდნენ, მცველი დიმიტრი ტიხი ყოველ წუთს ჩემს გვერდით იყო. რთულია, როდესაც მეტოქე ინდივიდუალურად გეთამაშება, მითუმეტეს თუ ორნი არიან.

- „რუბინის“ გარეშე, ვინ არის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები რუსეთში?

- რა თქმა უნდა, ვლაშიჩი, ვანდერსონი და არტიო ძიუბა. სინი ყველაზე კარგი ფეხბურთელები არიან. სერდარ აზმუნიც მომწონს, მან იცის სად უნდა გაიხსნას.

- თქვენი ამჟამინდელი თამაში ბავშვობის მწვრთნელების დამსახურებაცაა?

- დიახ და შემიძლია დავასახელო ოთხი ისეთ მწვრთნელი, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მაოხდინეს ჩემზე. მათ მითხრეს - გააკეთე, რაც გინდა. ზურიკოს მამა - სულიკო დავითაშვილი, ის ნამდვილად დამეხმარა ამ მხრივ. ასევე ანზორ ზუკაკიშვილთან ვიყავი ნამამდე, დავით იმნაძეც იყო, ძალიან კარგი მწვრთნელი და ვლადიმერ კაკაშვილთანაც ვვარჯიშობდი. ის კარგი ადამიანია, რომელიც დამეხმარა.

- ყოველ კვირას არის სიახლეები, რომ შენით უცხოური კლუბები არიან დაინტერესებულნი. სად გსურთ თამაში?

- ბავშვობიდან მადრიდის „რეალში“ თამაშზე ვოცნებობ, მაგრამ უფრო მეტად ჩემპონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, ვიდრე კონკრეტულ კლუბში გადასვლაზე. გულწრფელად, ტრანსფერზე არ ვფიქრობ, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ფიქრები თამაშს უკავშირდებოდეს. დანარჩენი ჩემთვის საინტერესო არ არის, ზოგჯერ გასახდელში თანაგუნდელები საუბრობენ ამაზე, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევ.

- რონალდუ თუ მესი?

- რონალდუ. მესი ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, ის საუკეთესო ფეხბურთელია, კითხვის გარეშე ნომერი პირველია, არ შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ რონალდუ საუკეთესოა, როგორც სპორტსმენი. ვფიქრობ, მათი შედარება არასწორია, რადგან ორივე მაღალ დონეზეა, თუმცა სხვადასხვა გზით. რონალდუს გზა მირჩევნია.

- ვინ არის მათ უკან, მესამე?

- ნეიმარი იყო, ახლა კი მბაპე. ის მალე „ოქროს ბურთს“ მოიგებს.

- ცდილობთ ფინტებში მიბაძოთ ან გადმოიღოთ?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ, ყველას დავაკვირდე, რაღაც დავიმახსოვრო. ასეთი მოთამაშეებისგან უნდა ისწავლო. კარგად მახსოვს, „ბაიერნთან“ მბაპეს გოლი. მას დრიბლინგი სურდა, მაგრამ როგორც წესი ეს სივრცე გადაკეტილია, ამიტომ დაარტყა. თუ ხედავ, რომ ფეხბურთელს აქვს საკუთარი პროფესიონალური ელემენტი, რატომ არ უნდა გაითვალსწინო და გამოიყენო თამაშში?

- თქვენი დრიბლინგები ინტუიციურად მოდის?

- ყოველთვის ასეა, რადგან შეუძლებელია რამე წინასწარ მოიფიქრო. თამაშის დროს ეს თავისთავად მოდის.

- „რუბინში“ ყველაზე მეტს ვისგან სწავლობთ?

- თითოეული თანაგუნდელისგან რაღაცას ვსწავლობ. მაგალითად, შატოვი 30 წლისა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამ ასაკში ყოველდღე ვარჯიშობს, სულ იქ ვხედავ, ეს შესანიშნავია.

- როგორია თქვენი ყოველდღური რეტინული და კვების რეჟიმი?

- ვცდილობ ცხიმიანი საკვები არ მივიღო. პრინციპში, რაც ბაზაზე მზადდება, ხელს უწყობს სწორ კვებას. ისინი არ ამზადებენ ცხიმიან საკვებს. ვცდილობ 23:00 საათამდე დავიძინო, ზოგჯერ დღისით მეძინება, რაც ართულებს ღამით დროულად დაძინებას. თამაშის წინა დღეს კომპიუტერშიც არ ვთამაშობ და მხოლოდ ტელეფონს ვიყენებ.

- და ბოლოს, რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ მას ძალიან უნდა გუნდში დარჩეთ. ეთანხმებით?

- არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა რთულია, რადგან არ ვიცი, რა იქნება ხვალ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყოველთვის არსებობს განვითარების ადგილი და ყველაფერი საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118937