ფეხბურთი

22:24 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი იცვლება! უეფა სუპერლიგის ინიციატორ გუნდებს ყველა სხვა შეჯიბრში მონაწილეობას აუკრძალავს
სუპერლიგას 12 გუნდი ქმნის, უეფამ განცხადება გაავრცელა

ევროპის სუპერლიგა იქმნება, უეფა კი მასში მონაწილე კლუბებს პრაქტიკულად ყველა სხვა შეჯიბრებიდან მოკვეთით იმუქრება. თუ აღნიშნული ტურნირი მართლაც დაარსდა, ნათელია, რომ ფეხბურთი აბსოლუტურად შეიცვლება.

ევროპის სუპერლიგის შექმნის ინიციატორი 12 კლუბია - „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“.

ეს გუნდები ტურნირის შექმნის შემთხვევაში 350 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. მოსალოდნელია, რომ ხსენებულ 12 გუნდს კიდევ 4 გუნდი დაემატება, რომელთაც სუპერლიგაში ადგილი მუდმივად გარანტირებული ექნებათ, ხოლო 4 გუნდი შიდა ჩემპიონატების მიხედვით მიიღებს იქ თამაშის უფლებას. 20 გუნდი ორ 10-გუნდიან ჯგუფში განაწილდება და სეზონში მინიმუმ 18 და მაქსიმამ 23 მატჩს ჩაატარებენ (თითო გუნდი).

თუმცა, ევროპის სუპერლიგის კატეგორიული წინააღმდეგია უეფა, რომელმაც უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი კლუბი, რომელიც სუპერლიგას მხარს დაუჭერს და იქ თამაშს გადაწყვეტს, მოკვეთილი იქნება ევროტურნირებიდან, შიდა ჩემპიონატებიდან და ფეხბურთელებს უეფასა და ფიფას ეგიდით სანაკრებო ტურნირებზე მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ. იგეგმება გუნდების ფინანსურად დასჯაც. უეფას მხარი დაუჭირა, ფიფამ, ესპანეთის, იტალიის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციებმა, ლა ლიგამ, პრემიერლიგამ და სერია A-მ.

„ჩვენ ერთიანები უნდა დავრჩეთ, რათაც შევაჩეროთ ეს ცინიკური პროექტი, გავითვალისწინებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და სპორტულ ზომებს, რათა ეს არ მოხდეს. ეს ტურნირი არის რამდენიმე ადამიანის პირადი ინტერესი, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ.

როგორც ადრე ფიფამ გამოაცხადა, ტურნირში მონაწილე კლუბებს აეკრძალებთა მონაწილეობა ნებისმიერ სხვა ტურნირში, ეროვნულ, ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე და მათ ფეხბურთელებს აეკრძალებათ ეროვნულ ნაკრებებში თამაში. მადლობას ვუხდით სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით ფრანგულ და გერმანულ კლუბებს, რომლებმაც უარი განაცხადეს სუპერლიგაში გაწევრიანებაზე. ყველა ფეხბურთის მოყვარულს, გულშემატკივარს და პოლიტიკოსს ვთხოვთ შემოგვიერთდნენ ამგვარი პროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ რამდენიმე ადამიანის მუდმივი ინტერესი ძალიან დიდი ხანია გრძელდება“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერლიგის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება, ვიცე-პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და პირველი ტურნირის ჩატარება 2023 წლიდან იგეგმება. თუ ეს იდეა ზემოხსენებულმა კლუბებმა სისრულეში მოიყვანეს, ალბათ ფეხბურთი ძალიან შეიცვლება.

0.110898