კალათბურთი

14:17 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე სეზონში მესამე მთავარი მწვრთნელის დებიუტი ვერამ გამარჯვებით აღნიშნა

მე-13 ტურის ბოლო მატჩში პრინციპული მეტოქეები – ტიტები და ვერა შეხვდნენ. ეს გუნდები ცხრილის ქვედა ნახევარში გვერდიგვერდ არიან და საიმისოდ იბრძვიან, რომ გასავარდნ ზონას დაშორდნენ.

ვერელებს სტაბილურობა როგორც შედეგებში, ისე შემადგენლობაში აკლიათ. გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მოთამაშე და მწვრთნელი შეცვალა. ვერას მიმდინარე სეზონში უკვე მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ირაკლი ხოშტარიას შემდეგ თბილისური გუნდი ლევან ფაცაციასაც დაშორდა და ტიტებთან დღევანდელ მატჩში ვერელთა მთავარი მწვრთნელი კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით გასიტაშვილი გახლდათ.

ცალკე თემაა მოთამაშეები, რომლებიც ვერელებმა შეცვალეს. ასეა თუ ისე, ამ გუნდს არ აკლია ბრძოლისუნარიანობა და დღეს, გაცილებით სტაბილური შემადგენლობის მყოლსა და მეტი გამარჯვების მქონე ტიტებს დამაჯერებლადა სძლია. ეს უფრო ჰგავდა ერთი კაცის შოუს. ვერელთა ამერიკელი ლეგიონერი, ბრაისონ სკოტი სუპერლიგის ყველაზე არაორდინალური მექულია. მას ბურთის ჩაგდება ნებისმიერი ვითარებიდან შეუძლია და მეტოქის ფარს გამუდმებით უტევს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სროლა-შეტევათა უმეტესობას სკოტი წარმატებით აგვირგვინებს. დღეს მან ტიტებს თამაშიდან განხორციელებული 19 სროლიდან 15 ჩაუგდო (13-15 ორქულიანი, 2-4 ორიანი). ამას 4-დან 2 საჯარიმოც დავამატოთ და ბრაისონმა ჯამში 34 ქულა მოინაგრა, რაც სრულებით საკმარისი აღმოჩნდა ტიტების გასატეხად.

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ ტიტებს კი ტრავმის გამო მთავარი გამთამაშებელი, ჯორდონ თალი აკლდა. მის არყოფნაში ვერ გაილაღა მეორე ამერიკელმა ბომბარდირმა ტაილან ბირტსმა. ტიტებმა ერთადერთი – მესამე პერიოდი მოიგო, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა. ვერელებმა განსაკუთრებით მეორე პერიოდში გაილაღეს, როცა ათწუთეული 20:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ზემოთნახსენები მესამე პერიოდში ტიტებმა მხოლოდ 3 ქულა გაუბათილეს ეშხიანად მებრძოლ ვერელებს და ბოლო მეოთხედს 17-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ.

ეს სხვაობა გაბათილებას ექვემდებარება, მაგრამ არა ისეთი სცენარით მიმდინარე თამაშში, როგორიც ჩვენს მიერ მიმოხილული ტიტები-ვერაა. სწრაფი და შეტევაში აგრესიული თამაშით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა კიდევ უფრო გაიმყარეს ლიდერობა და თამაშის ბოლოს 29-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 80:51 (სტატისტიკა). ბრაისონ სკოტს ნახსენები 34 ქულის შესაგროვებლად არასრული 26 წუთი დასჭირდა. მის შეტევებს უმეტეს შემთხვევაში ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი – გივი ბაქრაძე დირიჟორობდა, რომელმაც 13 შედეგიანი გადაცემა (7 ქულასთან ერთად) მიითვალა. 12 ქულით გამოირჩა ლუკა მაზიაშვილი. რაც შეეხება ტიტებს, გუნდის ბომბარდირობა 12-12 ქულით დავით ლომიძემ და პრინს უილიამსმა გაიყვეს. საერთო სარგებლიანობით ყველა თანაგუნდელს ბრენდან აუგბორნსმა აჯობა – 11 ქულა, 5 მოხსნა.

GBF.GE

0.102815