სხვა

4:26 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოტრ ზილა ნორმალურ მთაზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

გერმანიის ობერსტდორფში მიმდინარე, ტრამპლინის მსოფლიო ჩემპიონატზე, პიოტრ ზილამ ნორმალური მთის შეჯიბრი მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. პოლონელი მხტომელის გამარჯვება მოულოდნელობა იყო, თუმცა არა სენსაცია.

ზილამ ვარჯიშებსა და წინასწარ ეტაპზეც შესანიშნავი ნახტომები შეასრულა. საბოლოოდ კი უკან მოიტოვა გერმანელი კარლ გაიგერი და სლოვენიელი ანზე ლანიშეკი, რომლებმაც შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.

„მთელი დღე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და გავაცნობიერე, რომ მოგება შემეძლო. სტარტიდან იმის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შემეძლო“, - ყვება 34 წლის ზილა, ვისაც მსოფლიო თასზე მხოლოდ ორი შეჯიბრი აქვს მოგებული.

თავისი შედეგით გაკვირვებული დარჩა გაიგერი, ვინც ამ სეზონში, მხოლოდ ცაში მფრენთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებით გამოიჩინა თავი. „ამ შედეგს არ ველოდი. მაგრამ ძალიან კარგი ნახტომები შევასრულე. ჩემი მეორე ადგილით ძალიან ვამაყობ“, - განაცხადა გერმანელმა.

რაც შეეხება ლანიშეკს, ფავორიტთაგან მან ერთადერთმა შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. მთავარ ფავორიტს, ნორვეგიელ ჰალვორ ეგნერ გრანერუდს პირველი ნახტომი არ გამოუვიდა და მე-16 შედეგი აჩვენა, რისი გამოსწორებაც ვეღარ შეძლო და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. კვარცხლბეკამდე მას მხოლოდ 1.8 ქულა დააკლდა. მეხუთეზე გავიდა პოლონელი დავიდ კუბაცკი, ვინც მსოფლიო ჩემპიონს რანგში იასპარეზა. მხოლოდ მე-17 ადგილი დაიკავა გერმანელმა მარკუს აიზენბიხლერმა, თუმცა თანაგუნდელის ვერცხლის მედალმა ძალიან გაახარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114721