სხვა

3:44 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლარა გუტ-ბერამი შეუჩერებელია

კორტინა დ’ამპეცოს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ, იტალიის ვალ დი ფასაში მსოფლიო თასის დაშვების რბოლაც მოიგო. ეს ყველაზე ჩქაროსნულ დისციპლინაში, მისი ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

შვეიცარიელი ვარსკვლავი ზედიზედ მეშვიდე რბოლას ასრულებს კვარცხლბეკზე. ამასთან, ხუთჯერ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა. ამ მოგებით, გუტ-ბერამიმ მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა. ის მეორე ადგილზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას 107 ქულას უგებს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სეზონის დარჩენილი რბოლების ნახევარი სლალომია, რაშიც ვლჰოვა ფავორიტი იქნება. სლოვაკმა დაშვება მე-12 ადგილზე დაასრულა.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი შვეიცარიელი, კორინე სუტერი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.32 წამით ჩამორჩა. ერთი დღით ადრე, სუტერმა დაშვების პირველი რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. ორივე შვეიცარიელი დაშვების პატარა გლობუსისთვის იბრძვის. მათი მთავარი კონკურენტი კი იტალიელი სოფია გოჯიაა, ვისაც ტრავმა აქვს დარჩენილ რბოლებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

გოჯია ამჟამად დაშვების ლიდერია. მას 480 ქულა აქვს. სუტერს 410 ქულით მეორე ადგილი უკავია, გუტ-ბერამი კი 383 ქულით მესამეა.

რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა გერმანელმა კირა ვაიდლემ, ვინც კორტინას მსოფლიო ჩემპიონატზე, ბევრისთვის მოულოდნელად, დაშვებაში ვერცხლი აიღო. საინტერესოა, რომ კორტინაშიც კვარცხლბეკზე გუტ-ბერამი, სუტერი და ვაიდლე იდგნენ.

ვალ დი ფასა კვირას კიდევ ერთ ჩქაროსნულ რბოლას, სუპერ გიგანტს უმასპინძლებს, სადაც ფავორიტი კვლავ გუტ-ბერამი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136992