ჩოგბურთი

3:38 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი მაიამის მასტერსის განაცხადშია

მაიამის ღია პირველობის ორგანიზატორებმა, ტურნირის მონაწილეთა პირველადი სია გამოაქვეყნეს, რომელშიც დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც ფიგურირებს.

შვეიცარიელ სუპერ ვარსკვლავს ბოლო შეხვედრა ავსტრალიის 2020 წლის ღია პირველობაზე აქვს ჩატარებული, სადაც ნახევარფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. ფედრერმ მას შემდეგ მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა და აღარც უთამაშია. ის კორტს ყატარის ღია პირველობაზე დაუბრუნდება, რომელიც 8 მარტს დაიწყება.

მაიამის ტურნირის მონაწილეთა შორის ასევე არიან ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა. სულ სიაში მყოფ ჩოგბურთელთა შორის, 21 ისეთია, რომლებსაც დიდი სლემის ტურნირი თუნდაც ერთხელ აქვთ მოგებული. სულ კი მათ ანგარიშზე, ჯამში დიდი სლემის 116 ტიტულია.

ფედერერს მაიამის ღია პირველბა ოთხჯერ აქვს მოგებული, ბოლოს 2019 წელს გაიმარჯვა. ჯოკოვიჩის ანგარიშზე ექვსი ტიტულია. სიაში ასევე არიან 2018 წლის გამარჯვებული, ამერიკელი ჯონ ისნერი, შვეიცარიელი სტან ვავრინკა და აშშ-ის ღიას ჩემპიონი დომინიკ თიმი.

ქალთა ბადეში, სერენა უილიამსის (მაიამის ტურნირის რვაგზის გამარჯვებული) და ოსაკას გარდა, სიაში ასევე არიან ავსტრალიელი ეშლი ბარტი, ვინც მოქმედი ჩემპიონია (2019 წელს მოიგო, შარშან კი პანდემიის გამო ტურნირი არ გამართულა), საფრანგეთის ღიას ჩემპიონი, პოლონელი იგა სვიატეკი, უიმბლდონის 2019 წლის ჩემპიონი, რუმინელი სიმონა ჰალეპი, ვენუს უილიამსი და აშშ-ის 2019 წლის ჩემპიონი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ.

მაიამის ღია პირველობა სტარტს 22 მარტს აიღებს და 4 აპრილს დასრულდება.

0.071299