ფეხბურთი

12:29 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო რონალდუს რეაქციაზე: "საუკეთესო ფორმაში ყოფნისთვის დასვენება მასაც სჭირდება"

იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსმა“ „ინტერს“ (2:1) აჯობა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა. თამაშის შემდეგ ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა და კრიშტიანუ რონალდუს რეაქციაზეც ისაუბრა. პორტუგალიელი პირლომ შეცვალა და კრიშტიანუმ ამ ფაქტით გახარებული ნამდვილად არ ყოფილა.

„სწორი დამოკიდებულება გვქონდა, ჩამოვრჩით, მაგრამ შესანიშნავი რეაქცია გამოვავლინეთ და ბიჭებს ვულოცავ. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი თამაში გახლდათ და ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, მომდევნო კვირას ველოდებით

რონალდუს შეცვლა? მისი რეაქცია ნორმალურია, რადგან ასეთ თამაშში ყველას სურს თანაგუნდელებს დაეხმაროს. მან კარგად იცის, რომ ჩვენთვის ფუნდამენტური ფიგურაა, მაგრამ დასვენებაც სჭირდება, რომ ყოველთვის ტოპ ფორმაში იყო. გარდა ამისა, ჩემპიონატზეც უნდა ვიფიქროთ და შაბათს მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ის მცირე წუთებიც კი, როდესაც დაისვენა მნიშვნელოვანია. იმ მომენტში მისი შეცვლა სწორი იყო.

სერია A-ში „ინტერთან“ წაგება ჩვენთვის გაკვეთილი იყო, ეს იყო უშედეგო ნაბიჯი და მაშინ მოედანზე ჩვენ არ ვიყავით. ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვებების სერია. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს და ვინც ითამაშა, ყველა კარგი იყო. თუ ყოველთვის კონცენტრირებულები ვიქნებით და ასეთი დამოკიდებულება გვქნება, ჩვენთან ყველას გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ.

იტალიის სუპერთასის მოგება გარდამტეხი იყო? დიახ, ის თამაში ფუნდამენტური იყო. თასის მოგებამ დიდი ძალა მოგვცა და განსაკუთრებით „სან სიროზე“ მარცხის შემდეგ. ვიცით, რომ ძლიერები ვართ და შეგვიძლია ყველა მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. წინ მჭიდრო კალენდარი გვაქვს? მსგავსი ციკლი სექტემბერში დაიწყო, ყოველთვის სამ დღეში ერთხელ ვთამაშობდით. თებერვალში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ და ვნახოთ, სად ვიქნებით სეზონის ბოლოს“, - განაცხადა პირლომ.

„იუვენტუსმა“ 2021 წელი კარგად დაიწყო. ანდრეა პირლოს გუნდმა მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე 10 მატჩიდან 9 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამასთან, უკვე ტიტულიც მოიპოვა (იტალიის სუპერთასი. ტურინელები მომდევნო მატჩს 6 თებერვალს, „რომასთან“ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108066