ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლამპარდი ოფიციალურად დაითხოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.
„ეს რთული გადაწყვეტილება იყო. კლუბის ხატის სტატუსი უცვლელი რჩება“, - ნათქვამია „ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ლამპარდი „არისტოკრატებს“ 2019 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში კლუბის წარუმატებელმა შედეგებმა მისი გათავისუფლება გამოიწვია. „ჩელსი“ პრემიერლიგაში პირველი წრის შემდეგ 29 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა და განსაკუთრებით ცუდად ბოლო ტურებში ითამაშა - 5 წაგება უკანასკნელ 8 მატჩში.
ფრენკმა „ჩელსის“ 84 მატჩში უხელმძღვანელა (44 მოგება, 17 ფრე და 23 წაგება). მანამდე 42 წლის სპეციალისტს „დერბი ქაუნთიში“ მუშაობის გამოცდილება ჰქონია. ვინ შეცვლის ინგლისელს „ჩელსიში“ ამ ეტაპზე უცნობია, სახელდება მასიმილიანო ალეგრიც, მაგრამ ფავორიტად ტომას ტუხელი მიიჩნევა, რომელიც დეკემბერში „პარი სენ ჟერმენიდან“ გაათავისუფლეს.