კალათბურთი

23:51 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას შედეგიანმა თამაშმა ცსკა ევროლიგაში ზედიზედ მეორე მარცხისგან ვერ იხსნა

ევროლიგის 21-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ სტამბოლის "ფენერბახჩეს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:89 დამარცხდა. დმიტრი იტუდისის გუნდისთვის ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულითაც იგებდა, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული თურქებმა 26:17 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

თორნიკე შენგელია ცსკა-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 24:42 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.

შენგელიაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი რუსული კლუბის რიგებში მხოლოდ ნიკოლა მილუტინოვს ჰქონდა (21), რომელმაც 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

„ფენერბახჩეში“ ნანდო დე კოლომ 22 ქულით, 9 მოხსნით და 4 პასით, იან ვესელიმ კი 24 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით გაიბრწყინეს. დე კოლოს მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 გამოდგა, ვესელის - 32.

ცსკა-მ ბოლო ოთხ ტურში მესამედ და ზედიზედ მეორედ წააგო. ამრიგად, მოსკოვური გუნდი 15 მოგებით და 6 წაგებით ისევ პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 იანვარს, ბერლინის „ალბას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111568