სხვა

3:48 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიუს ლინდვიკმა ზაკოპანეს ტრამპლინი მოიგო

ნორვეგიელი მარიუს ლინდვიკის გამარჯვებით დასრულდა ზაკოპანეში (პოლონეთი) ტრამპლინიდან მხტომელთა მსოფლიო თასის ეტაპი. 22 წლის ლინდვიკმა მცირედით აჯობა სლოვენიელ ანზე ლანიშეკს და თავის თანაგუნდელ რობერტ იოჰანსონს.

პირველი რაუნდის შემდეგ, ლანიშეკი დაწინაურდა, მაგრამ ლინდვიკმა მეორე ცდაზე შესანიშნავი ნახტომი შეასრულა და 145.5 მეტრზე გადახტა. ლანიშეკის ნახტომიც (143.5 მეტრი) არ იყო ურიგო, მაგრამ მან ქულები დაშვებაზე დაკარგა და სწორედ ამის გამო ვერ შეძლო გამარჯვება, რომელიც მის კარიერაში პირველი იქნებოდა მსოფლიო თასზე.

ლინდვიკმა მსოფლიო თასის მესამე შეჯიბრი მოიგო, ამასთან პირველი ამ სეზონში. „დღეს მართლა კარგი ნახტომები შევასრულე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ყველას შეუძლია უმაღლესი დონის ნახტომის შესრულება. ისღა დამრჩენია, ამ დონეზე ხტომები მომდევნო შეჯიბრებზეც გავაგრძელო“, - განაცხადა ლინდვიკმა, ვინც 4 მთის ტურნირი იმის გამო გააცდინა, რომ ყბის ოპერაცია გაიკეთა.

მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა მარკუს აიზენბიხლერი, ვინც გერმანელთა შორის საუკეთესო იყო. 23-ე იყო მსოფლიო თასის ლიდერი, ნორვეგიელი ჰალვორ ეგნერ გრანერუდი. მას 956 ქულა აქვს და 240 ქულით უგებს მეორეზე მყოფ აიზენბიხლერს.

ტრამპლინიდან ხტომებში მსოფლიო თასი ფინეთის ლახტიში გაგრძელდება, სადაც გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრები ჩატარდება.

0.173823