სხვა

22:30 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაორმაგებული სტიპენდიები და ახალი სტიპენდიანტები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოლიმპიურ და პარალიმპურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ და დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ. ასევე, სტიპენდიანტთა ჩამონათვალს დაემატებიან ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების პრიზიორები - ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ. გარდა ამისა, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებულებს ყოველთვიურად დაენიშნებათ 800, ხოლო ევროპის ჩემპიონებს 400 ლარი.

სპორტსმენთა სტიპენდიების ზრდის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დეკემბერში ისაუბრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი: ,,ეს დადგენილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენებისთვის. გარდა იმისა, რომ გაორმაგდა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის აქამდე გამოყოფილი თანხა, სტიპენდიანტთა რიგებს დაემატნენ ოლიმპიური პრიზიორები და პარალიმპიური პრიზიორები, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას ამ გულისხმიერებისთვის" - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო უმასპინძლებს პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ტოკიოშივე, 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება პარალიმპური თამაშები. წელსვე, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ ჩანიშნულია ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიურ სპორტის სახეობაში, რაც ჩვენს სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღონ ყოველთვიური სტიპენდია.

geonoc.org.ge

0.115506