სხვა

3:40 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელა შიფრინმა მსოფლიო თასზე 68-ე გამარჯვება მოიპოვა

ავსტრიის სამთო კურორტ ფლახაუში გამართული სლალომის რბოლაში, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა გაიმარჯვა. ეს მისი პირველი მოგებული სლალომია 2019 წლის ლინცის რბოლის შემდეგ და მსოფლიო თასზე კარიერაში მოპოვებული 68-ე გამარჯვება.

„შთამაგონებელია“, - ასე გამოხატა გამარჯვებით მიღებული სიხარული ამერიკელმა მოთხილამურემ, ვინც გასული სეზონის ბოლოს, მამის გარდაცვალების და ტრავმის გამო, ბევრი დრო გააცდინა. ეს კი მის არასტაბილურობაზე აისახა. მაგრამ პერიოდულად, თავის გამოჩენას მაინც ახერხებს.

პირველი ცდის შემდეგ, პირველ ოთხ ადგილზე გასული მოთხილამურეები წამის მეასედებმა დააშორა. შიფრინმა მეორე შედეგის მქონე შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს 0.08 წამით აჯობა, მესამეზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას კი - 0.14 წამით.

შიფრინმა მეორე ცდაც კარგად შეასრულა და უპირატესობაც გაზარდა. საბოლოოდ, მან 0.14 წამით აჯობა კათარინა ლინსბერგერს. ავსტრიელისთვის ეს ზედიზედ მესამე რბოლაა, რომელშიც მეორე ადგილს დასჯერდა. ის ასეთ შესაშურ სტაბილურობას, ახალი წლის შემდგომ რბოლებში ავლენს.

მესამე ადგილზე ჰოლდენერი გავიდა, რომელიც გამარჯვებულს საბოლოოდ, 0.49 წამით ჩამორჩა. შვეიცარიელმა თავის კარიერაში სლალომის 25-ე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე და გამარჯვება ჯერაც არ მოუპოვებია. აბსოლუტურ ჩათვლაში მსოფლიო თასის ლიდრი ვლჰოვა საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა. ის სლალომის ჩათვლაშიც ლიდერია.

ქალი მოთხილამურეების მომდევნო შეხვედრა სლოვენიის კრანისკა გორაშია, სადაც ორი გიგანტური სლალომი და ორივე ჩქაროსნული დისციპლინის თითო რბოლა ჩატარდება.

0.136985