„სპარტაკის“ 36 წლის მეკარემ, არტიომ რებროვმა, პორტალ Sports.ru-ში ბლოგი დაწერა და ძველი ამბებიც გაიხსენა. ერთ ისტორიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისიც მოხვდა.
რებროვი იმ დროს იხსენებს, როცა „სატურნის“ (2005-10) ფეხბურთელი იყო, მთავარი მწვრთნელი კი ვაისი გახლდათ.
„ჯვარედინი მყესი მქიონდა დაზიანებული და როცა საოპერაციოდ მეორედ ჩავედი სლოვაკეთში, ვაისი სულ ჩემთან იყო. მეუღლის გაკეთებული საჭმელი მოჰქონდა საავადმყოფოში, ხშირად მაკითხავდა, მასაჟებზე დავყავდი.
თავს უხერხულად ვგრძნობდი, იმიტომ, რომ მწვრთნელთან ასეთი ახლო დამოკიდებულება არ მქონდა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ევროპული წესია და კარგია, რომ ჩვენთანაც შემოდის ნელ-ნელა.
თუმცა, ასეთმა დამოკიდებულებამ კინაღამ დამღუპა. როცა მეორე ოპერაციის შემდეგ უკან მივფრინავდი, აეროპორტში ვაისთან და მის მეგობრებთან ერთად მოვხვდი, რომლებიც იქაურ არაყს - სლივოვიცას მიირთმევდნენ. უარის თქმა მომერიდა, არადა, სერიოზულად სვამდნენ, ძალიან სერიოზულად.
უკვე გაფრენის დრო იყო, წამოვდექი და მივხვდი, რომ კარგა „მწიფედ“ ვიყავი. ორიოდ ნაბიჯი გადავდგი, მგონი ფეხი დამიცურდა და სახიფათოდ წავიქეცი. მეგონა მყესი ისევ გამიწყდა, მაგრამ გადავრჩი. ეს სამომავლო გაკვეთილია ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. როცა აღდგენის პროცესში ხარ, რეჟიმი ორმაგად უნდა დაიცვა. თორემ შეიძლება ყველაფერი თავიდან გადაგხდეს, ან სულაც დაასრულო კარიერა.“ -წერს რებროვი.