ფეხბურთი

2:27 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ექვსი მერვედფინალისტი და ბევრი ინტრიგა ბოლო ორ ტურში

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა და ექვსი მერვედფინალისტი უკვე სახეზეა. პირველ სათამაშო დღეს „ჩელსიმ“, „სევილიამ“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ გაიფორმეს საგზურები, ხოლო დღეს მათ „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“ შეუერთდნენ.

„ბაიერნმა“ საერთოდაც პირველი ადგილი ორი ტურით ადრე გაინაღდა. მიუნხენური გიგანტი ბრწყინვალე ფორმაშია და „ზალცბურგი“ ადვილად, 3:1 დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი გოლი გაიტანა, რაც მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 71-ე იყო და რაულს გაუთანაბრდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა უკვე 12 ქულა დააგროვა, მეორე ადგილოსან „ატლეტიკოს“ 7 ქულით უსწრებს და ცხადია პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება.

აი, „ატლეტიკოს“ კი ბევრი ბრძოლა მოუწევს მეორე ადგილისთვის, თანაც კალენდარი მაინც და მაინც, მომხიბლავი არ აქვს. დიეგო სიმეოენს გუნდმა შინ მოსკოვის „ლოკომოტივს“ ვერაფერი დააკლო და უგოლო ფრეს დასჯერდა. ამრიგად, „როხიბლანკო“ მხოლოდ 5 ქულით ისწონებს თავს და იმავე „ლოკომოტივს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს არაფრის გარანტია არაა.

B ჯგუფში „გლადბახმა“ დონეცკის „შახტარი“ ისევ გაანადგურა. სამი კვირის წინ გერმანელებმა უკრაინაში 6:0 მოიგეს და ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიში იკმარეს - 4:0. ფანტასტიკური იყო ბრილ ემბოლოს გოლი, რომელმაც „მაკრატელა“ გაიტანა. დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია და არ უთამაშია. „გლადბახს“ კი 8 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა გერმანელებს ჯერ არაფერი აქვთ გარანტირებული.

მეორე ადგილზე მადრიდის „რეალი“ მოკალათდა, რომელმაც მილანში „ინტერი“ დიდი დანაკლისის მიუხედავად მაინც დაამარცხა. თანაც გაცილებით უფრო ადვილად დაამარცხა. ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე სამწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, აი როდრიგოსთვის კი ამ ტურნირზე გოლები უკვ ჩვეულება გახდა. ზინედინ ზიდანის გუნდს საქმე იმან გაუადვილა, რომ პირველივე ტაიმში მსაჯთან კამათის გამო არტურო ვიდალმა ორი ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. „რეალმა“ ამასობაში 7 ქულას მოუყარა თავი და წესით მერვედფინალში გასვლა არ გაუჭირდება. საპირისპიროდაა „ინტერის“ საქმე, რომელიც 2 ქულით ბოლო ადგილზეა. თუმცა, სააინტერესო ისაა, რომ „ნერაძურის“ შანსი ისევ აქვს - ამისთვის ბოლო ორი მატჩი უნდა მოიგოს და „გლადბახმა“ უკანასკნელ ტურში „რეალთან“ წააგოს, რაც საკმაოდ რეალური ვარიანტია...

C ჯგუფიდან „მანჩესტერ სიტი“ უკვე პლეი-ოფშია. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ფილ ფოდენის გოლით მოუგო, რომელიც ფენომენალური კომბინაციით გავიდა. „ქალაქელებს“ 12 ქულა აქვთ და მერვედფინალში არიან. ჯერ ოფიციალურად არა, მაგრამ პლეი-ოფთან ძალიან ახლოსაა „პორტუ“, რომელმაც სტუმრად „მარსელს“ აჯობა და უახლოეს მდევარ „ოლიმპიაკოსს“ უკვე 6 ქულით უსწრებს და ხელს ალბათ ვეღარავინ შეუშლის.

და ბოლოს D ჯგუფი, სადაც დაძაბული ვითარებაა. დანიური „მიდტიულანდი“ 0 ქულით უკვე გარანტირებულად ბოლო პოზიციაზეა და დანიის ჩემპიონმა მორიგი მარცხი ამსტერდამში „აიაქსთან“ განიცადა (1:3). აი, „ეინფილდზე“ კი „ატალანტამ“ ისტორია დაწერა და „ლივერპულს“ მოუგო. „ატალანტა“ მეორე იტალიური გუნდია, რომელმაც „ეინფილდ როუდზე“ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დაამარცხა. პირველად ეს 2009 წელს „ფიორენტინამ“ გააკეთა (2:1). ახლა კი, ჯან პიერო გასპერინის გუნდმა მეორე ტაიმის შუაში, ოთხწუთიან ინტერვალში იოსიპ ილიჩიჩისა და რობინ გოსენსის გოლებით 2:0 აჯობა. არადა, ამას ვინ წარმოიდგენდა, სამი კვირის წინ ხომ ბერგამოში ინგლისელებმა 5:0 იმარჯვეს! ფაქტია, „ატალანტამ“ მოიგო და „ლივერპული“ მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით იყო. სხვათა შორის, „წითლებმა“ იურგენ კლოპის მწვრთნელობისას პირველად წააგეს შინ ორბურთიანი სხვაობით, 2014 წლის შემდეგ კი ასევე შინ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგეს ერთ ბურთზე მეტი სხვაობით.

თუმცა, „ლივერპული“ 9 ქულით ჯგუფს ისევ ლიდერობს და ალბათ მერვედფინალში უპრობლემოდ გავა, ხოლო „ატალანტას“ პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა მოუწევს და დიდი ალბათობით, ბოლო ტურში ამსტერდამში „აიაქსთან“ მინიმუმ ქულა დასჭირდება, რადგან ორივე გუნდს 7-7 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში „ატალანტა“ „მიდტიულანდს“ მასპინძლობს, „აიაქსი“ „ლივერპულს“ სტუმრობს და დიდი შანსია იტალიელთა უპირატესობა კონკურენტთან 3 ქულით გაიზარდოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ბოლო ტურში თუ „აიაქსი“ „ატალანტას“ მოუგებს, მერვედფინალში ნიდერლანდელები გავლენ. მოკლედ, ამ ჯგუფში ბევრი ვარიანტია და წინასწარ განხილვას, უმჯობესია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ...

A ჯგუფი

„ბაიერნი“ – „ზალცბურგი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (43), 2:0 ვიობერი (52, ა.გ), 3:0 სანე (68), 3:1 ბერიშა (73)

„ატლეტიკო“ – „ლოკომოტივი“ 0:0 (0:0)

B ჯგუფი

„გლადბახი“ – „შახტარი“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 შტინდლი (17, პენ), 2:0 ელვედი (34), 3:0 ემბოლო (45), 4:0 ვენდტი (77)

„ინტერი“ – „რეალი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 აზარი (7, პენ), 0:2 როდრიგო (59)

C ჯგუფი

„ოლიმპიაკოსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ფოდენი (36)

„მარსელი“ – „პორტუ“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 სანუსი (39), 0:2 ოლივეირა (72, პენ)

D ჯგუფი

„აიაქსი“ – „მიდტიულანდი“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 გრავენბერხი (47), 2:0 მაზრაუი (49), 3:0 ნერეში (67), 3:1 მაბილი (81)

„ლივერპული“ – „ატალანტა“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (60), 0:2 გოსენსი (64)

0.151656