ფეხბურთი

20:14 | 21.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ახალ სტადიონზე თამაში გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „დინამო ბათუმმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ნიშანდობლივია, რომ პირველად ისტორიაში, ბათუმის ახალ სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა და ახალი ისტორიის ათვლა დაიწყო. „ბათუმი არენაზე“ გამართული დაპირისპირება მეტად დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

პირველ ტაიმში საკმაოდ უფერული თამაში გამოდგა და საგოლე მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. კარგი შანსი ჰქონდა გიული მანჯგალაძეს, ხოლო იდეალური ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც პენალტი დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა. „დილას“ რიგებში საუკეთესო მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი იყო, რომელმაც პენალტიც მოიგერია და მანჯგალაძესაც რთული ბურთი აუღო.

მეორე ნახევარში ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა. ვაგნერის კუთხური გოლით გიორგი ნიქაბაძემ დაასრულა, რომელმაც თავით იხეირა და ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლის ავტორიც გახდა.

გიორგი ნემსაძის გუნდმა თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. გორელებმა ორი ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს მატჩის მიწურულს, ხოლო ბოლო წუთზე ეტოუს გოლი არ ჩაუთვალეს თამაშგარე მდგომარეობის გამო.

„დინამო ბათუმს“ 29 ქულა აქვს და ლიდერ „დინამო თბილისს“ 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო გორის „დილა“ 24 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნიქაბაძე (68)

0.114983