კალათბურთი

15:24 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავმა სუპერლიგა ვერელების ძლევით გახსნა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტური 24 და 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კვირას 2 მატჩია დაგეგმილი, დღეს კი ოლიმპიური სასახლე 3 შეხვედრას მასპინძლობს, რომელთაგან პირველი უკვე დასრულდა. “რუსთავი 1991”, რომელიც პირველ ტურში ისვენებდა, თბილისურ “ვერას” შეხვდა და დამაჯერებელი სხვაობით – 99:75 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

რუსთაველთათვის ეს გახლდათ პირველი მატჩი მიმდინარე სუპერლიგაში. შესაბამისად, ქვემოქართლურ გუნდს ცოტა დრო დასჭირდა, რომ მეტოქის თამაშისთვის ალღო აეღო და სათავისო შედეგი დაეფიქსირებინა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “ვერამ”, რომელიც კვლავ ულეგიონეროდაა, სწორი ტაქტიკური თამაშით პირველი პერიოდი 20:13 მოიგო. ზონურმა დაცვამ შედეგი გამოიღო და ვერელები ხელჩასაჭიდად დაწინაურდნენ, რასაც რუსთაველთა მწვრთნელის, ანატოლი ბოისას წუთშესვენება და ტაქტიკური გადაადგილებები მოჰყვა.

მეორე პერიოდში ვითარება ქვემოქართლელთა სასარგებლოდ შეიცვალა. სწრაფი შეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით რუსთაველებმა მეტოქის ზონურ დაცვას ეფექტი დაუკარგეს. მალიქ უაითი და მაიკ დევისი შეუჩერებლები იყვნენ და იმდენი ბურთი ჩააგდეს, დიდი შესვენებისთვის უკვე ქვემოქართლელები იგებდნენ 7 ქულით.

უაიტმა ქულებთან ერთად პასებიც ბლომად აგროვა. საბოლოოდ მან შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 22 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. 24 ქულა ჰქონდა მაიკ დევისს, 13 – გუგა პატაშურს, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილმა 11-11 ქულა-მოხსნა მიითვალა. “ვერაში” 26 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვახტანგ ქადარია. 14 ქულა და 9 პასი ჰქონდა გივი ბაქრაძეს, ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.

GBF.GE

0.114924