კალათბურთი

14:21 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მე-3 პერიოდში 17 ქულით ჩამორჩენილმა ქუთაისმა ოლიმპს ოვერტაიმში მოუგო

სუპერლიგაში პირველი ოვერტაიმი დაფიქსირდა. “ოლიმპისა” და “ქუთაისის” თბილისურ დაპირისპირებაში გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. დამატებით 5-წუთეულში ლეგიონერების დუელში “ქუთასის” უცხოელებმა იძალეს და იმერულმა კლუბმა მეორე გამარჯვება მოიპოვა – 105:100 (სტატისტიკა).

ლეგიონერთა დუელი იმის გამო ვახსენეთ, რომ დამატებით ხუთწუთეულში, როცა ყველა გადაღლილი იყო და პოზიციურ თამაშზე მეტად ინდივიდუალური ოსტატობა ჭრიდა, მანამდე ისედაც აქტიურმა ლეგიონერებმა მთლად საკუთარ თავზე აიღეს თამაში. ლიუკ მოიერის, კაჰიმ რენსომისა და დეჟუან რაიტის შორი სროლები გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ ტრიოს ილია ლონდარიძისა და გიორგი ბარბაქაძის შედეგიანი გაელვებაც დაემატა და “ქუთაისმა” გამარჯვება გაინაღდა.

არადა, “ოლიმპმა” საკმაოდ კარგად ითამაშა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო. როცა აკაკი ფიფიამ მესამე პერიოდის შუაწელში სამქულიანი ჩააგდო, “ოლიმპი” 63:46 დაწინაურდა. ბოლოსწინა პერიოდში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა თითქმის გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა ქუთაისელები არ დანებდნენ და როცა პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოაცილეს, წარმატების რეალური შანსი გაუჩნდათ.

მედგარი დაცვა და სწრაფი, იმპროვიზებული შეტევები – ეს იყო ქუთაისელთა იარაღი, რისი წყალობითაც ბოლო პერიოდში ოლიმპელთა სოლიდური ლიდერობა მთლიანად გაბათილდა. ბოლო წუთზე ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ ვერც ქუთაისელმა ლიუკ მეიერმა და ვერც ოლიმპელმა ლუკა კალატოზიშვილმა გადამწყვეტი სროლები ვერ ჩააგდეს – 89:89.

დამატებით ხუთწუთეულში კი ქუთაისელთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მატჩის ბედი სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა. გამარჯვებულებს 33 ქულით დეჟუან რაიტმა ულიდერა. 21 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი კაჰიმ რენსომმა, ხოლო 16 ქულა ლიუკ მოიერმა მიითვალეს. “ოლიმპში” 28 ქულით საუკეთესო იყო ტომპსონი. 19 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა დევანტე ფოსტერს. 16 ქულით დაასრულა მატჩი ლუკა კალატოზიშვილმა.

GBF.GE

0.112687