სხვა

17:54 | 1.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

UFC მაკგრეგორის და პუარიეს შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

UFC მსუბუქ წონაში კონორ მაკგრეგორის და დასტინ პუარიეს შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს. თუმცა ირლანდიელი მებრძოლი არ მალავს, რომ მანი პაკიაოსთან შეხვედრაზეა ფოკუსირებული.

UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ამბობს, რომ მან ორივე მებრძოლს შესთავაზა რინგზე შეხვედრა და ჯერჯერობით, ორივესგან პასუხის მოლოდინშია. მისი გეგმის შესაბამისად, ბრძოლა 23 იანვარს უნდა გაიმართოს.

პუარიემ საკუთარ ტვიტერზე მოკლედ დაწერა - „მე თანახმა ვარ“. მაგრამ მაკგრეგორი ამბობს, ამერიკელთან მხოლოდ საქველმოქმედო საჩვენებელ შეხვედრაზეა თანახმა და UFC-ს მიერ სანქცირებული ბრძოლა არ აინტერესებს. მან საკუთარ ტვიტერზე სარეკლამო პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც წერია:

„საბრძოლო ხელოვნებაში სპარინგ შეხვედრა ქველმოქმედებისთვის, დუბლინი, 2020 წლის 12 დეკემბერი. თავისუფალი სპარინგი. მაკგრეგორი პორიეს წინააღმდეგ. შერჩეული საქველმოქმედო ორგანიზაციების სია მალე გამოქვეყნდება. ყველა შემოწირულობას მივესალმებით“.

ESPN-ის ინფორმაციით, მაკგრეგორის გუნდმა, პუარიესთან შეხვედრასთან დაკავშირებით, UFC-ს შეთავაზება უარყო და მუშაობს იმაზე, რომ 41 წლის პაკიაოსთან შეხვედრა შეათანხმოს.

32 წლის მაკგრეგორს, UFC-ს ტიტულები ბუმბულის და მსუბუქ წონებში აქვს მოპოვებული. მას 26 ბრძოლა აქვს გამართული და მათგან 22 მოიგო. პუარიეს ანგარიშზე 26 მოგება, 6 წაგება და 1 უშედეგოდ დასრულებული ბრძოოლაა. მან ბოლო ბრძოლა წელს, 27 ივნისს გამართა ახალზელანდიელ დენ ჰუკერთან და მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

0.125553