ფეხბურთი

1:54 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეკორდი და "მილანის" საუკეთესო სერია 24 წლის შემდეგ

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი ძალზე საინტერესოდ დაიწყო და როგორც ჩანს, არანაკლებ ამბებს გვპირდება, ვიდრე გასულ სეზონში ვიხილეთ. შესანიშნავია „მილანი“, „იუვენტუსი“ კი საკუთარი თამაშის ძიებაშია და როგორც ჩანს, ანდრეა პირლოს მაურიციო სარის ჩრდილისგან გუნდის გამოსაყვანად დრო დასჭირდება.

„იუვე“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომას“ დაუპირისპირდა მარცხს ბეწვზე გადაურჩა. უფრო სწორად, ვერ გადაურჩებოდა კრიშტიანუ რონალდუ რომ არ ჰყავდეს. პორტუგალიელმა სეზონი დიდებულად დაიწყო და ორი ტურის თავზე ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მან კარიერაში მეოთხედ შეძლო სეზონის სასტარტო ორივე შეხვედრაში გატანა. დიახ, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ რონალდუმ დუბლი შეასრულა.

რომაელები გაცილებით გააზრებულად და აგრესიულად უტევდნენ და ედინ ჯეკოს დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა მეტი ყურადღებით და სიზუსტით რომ ეთამაშა, „მგლები“ უცილობლივ მოიგებდნენ. სამაგიეროდ, სიზუსტე არ დაეწუნებოდა ჯორდან ვერეტუს. ფრანგმა დუბლი შეასრულა, პირველივე ტაიმში. მან ჯერ პენალტი გაიტანა, მერე ფენომენალური კონტრშეტევა დააგვირგვინა. ამ გოლებს შორის იყო რონალდუს ზუსტი პენალტი, თუმცა „იუვეს“ თამაშში ბევრი ხარვეზი იგრძნობოდა.

მეორე ნახევარში ტურინელთა მდგომარეობა ადრიენ რაბიოს გაძევებამ დაამძიმა, რომელმაც ორი ყვითელი ბარათი მიიღო და სათამაშო დროის ზუსტად 31 წუთი (დამატებული წუთების ჩათვლით) „ბიანკონერიმ“ რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. ამის მიუხედავად, სწორედ ამ მონაკვეთში გაათანაბრა, კერძოდ, 69-ე წუთზე, როდესაც დანილოს ჩინებული პასის მერე რონალდუ მცველებს თავზე გადააფრნდა დამორიგი შედევრი შექმნა. ეს იყო ჩემპიონატების ეგიდით (ევროთასები და სანაკრებო მატჩები არ შედის, არც სათასო ბატალიები) პორტუგალიელის 450-ე გოლი, რაც რეკორდია. ასე იყო თუ ისე, ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერაში პირველ დამარცხებას რონალდუმ გადაარჩინა, თუმცა „იუვეს“ ქულების დაკარგვა მაინც მოუწია. მომდევნო ტურშიც არ ელოდება ტურინულ გრანდს ადვილი თამაში, სახლში „ნაპოლის“ დაუხვდება, რომელიც გადასარევ ფორმაშია.

ჯენარო გატუზოს გუნდმა „სან პაოლოზე“ „ჯენოა“ გააცამტვერა - 6:0. „ნაპოლი“ ორი ტურის თავზე უდანაკარგოდ ლიდეროს სატურნირო ცხრილს და პოზიციას „მილანს“ უნაწილებს, რომელმაც ისევ მოიგო.

საოცარ ფორმაშია „როსონერი“, რომელსაც „კროტონეს“ დასამარცხებლად ფრანკ კესისა და ბრაიმ დიასის გოლებიც ეყო. „მილანს“ 8 მარტს შემდეგ, უფრო კონკრეტულად 17 თამაშია არ წაუგია (ყველა ტურნირზე) და რაც უნდა უცნაური იყო, ასეთი მაგარი სერია 1996 წლის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც გუნდს ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა. ამასთან, „მილანმა“ 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოახერხა სასტარტო ორი მატჩის მოგება ისე, რომ გოლი არ გაუშვია. მოკლედ, შავ-წითლების პროგრესი თვალსაჩინო და შესანიშნავია. „მილანს“ წესით ხასიათი არც მომდევნო ტურში გაუფუჭდება, რადგან დებიუტანტი „სპეციას“ სახით ადვილი მეტოქე ჰყავს.

ეს, ასე რომ არის, „სპეციას“ მატჩმა ცხადყო, რომელმაც პირველი თამაში ჩაატარა თავის ისტორიაში სერია A-ში და „სასუოლოსთან“ სახლში 1:4 წააგო. გარდა ამისა, სტუმართა ფორვარდ ფრანჩესკო კაპუტოს სამი გოლი არ ჩაუთვალეს.

სერია A-ს მეორე ტური ორშაბათს, „ბოლონიასა“ და „პარმას“ დაპირისპირებით დასრულდება.

„რომა“ – „იუვენტუსი“ 2:2 (2:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (3-4-2-1): მირანტე; მანჩინი, იბანიესი, კუმბულა; სანტონი (ბრუნო პერესი 68), ვერეტუ, პელეგრინი (დიავარა 71), სპინაცოლა; პედრო, მხითარიანი; ჯეკო

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი; კულუსევსკი (ფრაბოტა 85), რაბიო, მაკკენი (არტური 58), კუადრადო; რემზი (ბენტანკური 68); მორატა (დუგლას კოშტა 58), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 ვერეტუ (31, პენ), 1:1 რონალდუ (44, პენ), 2:1 ვერეტუ (45), 2:2 რონალდუ (69)

გაფრთხილება: კუმბულა (36), პელეგრინი (54) - რაბიო (30, 62), ფრაბოტა (86)

გაძევება: რაბიო (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

„სპეცია“ – „სასუოლო“ 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 ჯურიჩიჩი (12), 1:1 გალაბინოვი (30), 1:2 ბერარდი (64, პენ), 1:3 დეფრელი (66), 1:4 კაპუტო (76)

„ვერონა“ – „უდინეზე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფავილი (57)

„კროტონე“ – „მილანი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კესი (45, პენ), 0:2 დიასი (50)

„ნაპოლი“ – „ჯენოა“ 6:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლოსანო (10), 2:0 ზიელინსკი (46), 3:0 მერტენსი (57), 4:0 ლოსანო (65), 5:0 ელმასი (69), 5:0 პოლიტანო (72)

თეგებისერია A
0.142749