სხვა

1:49 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ბრეგენი იმოლაში მეორე ოქროს დაეუფლა

საგზაო ველოსპორტში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს, ქალთა საგზაო რბოლაში, ისევ ჰოლანდიელმა ანა ვან დერ ბრეგენმა გაიმარჯვა, ვინც შინ ოქროს ორი მედლით დაბრუნდება. მას საგზაო რბოლაში ოქრო ორი წლის წინათაც, ინსბრუკშიც (ავსტრია) აქვს მოპოვებული.

ვენ დერ ბრეგენმა გადამწყვეტი შეტევა ბოლოსწინა წრეზე წამოიწყო, როცა ფინიშამდე 41.5 კილომეტრი იყო დარჩენილი. ჩიმა გალისტერნას აღმართზე ასვლისას, მან შეთხელებული პელოტონი ჩამოიტოვა და აქედან მოყოლებული, ფინიშამდე მანძილი ეულად დაფარა.

„დასაწყისიდანვე ძალიან ძნელი რბოლა იყო. აქ რთული აღმართებია, მაგრამ მესამე წრეზე ვიგრძენი, რომ ძალა საკმარისად მქონდა შემორჩენილი და შევუტიე. ამ დროს, ყველა დაღლილი იყო“, - რბოლის შემდგომ განაცხადა ჩემპიონმა.

ანა ვან დერ ბრეგენი ოლიმპიური ჩემპიონია და ახლახანს, ჯირო როსას რბოლაც მოიგო. მისი ორი ოქროთი კი, ბოლო ორ სეზონში, ჰოლანდიელ ქალ მრბოლთა მიერ მოპოვებული ტიტულების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ბოლო მრბოლი, ვინც ერთ ჩემპიონტზე ორივე ოქროს დაეუფლა, სახელოვანი ფრანგი ჟანი ლონგო იყო, რომელმაც ეს 1995 წელს შეძლო. სხვათა შორის, დროზე რბოლა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში 1994 წელს შევიდა.

იმოლაში მეორე ადგილიც ჰოლანდიელმა მრბოლმა, ანემიკ ვან ვლუიტენმა დაიკავა, ვინც ცხრა დღით ადრე, ჯირო როსას რბოლაში, ხელის მტევანი დაიზიანა. ბრინჯაოს მედალი კი იტალიელ ელისა ლონგო ბორგინის ერგო. ამ ორმა ბოლო წრეზე აჩქარა ფეხს და ფინიშსაც ერთად მიაღწიეს. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჰოლანდიიდან, მარიანე ფოსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134075